ახალი ამბებირეკლამა

რა დრო სჭირდება ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავებას – ინტერვიუ ნინო გაფრინდაშვილთან

24 დეკემბერი, 2021 • 4218
რა დრო სჭირდება ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავებას – ინტერვიუ ნინო გაფრინდაშვილთან

სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ ვაქცინაციიდან მალევე დაავადდნენ კორონავირუსით. ფიქრობენ, რომ სწორედ ვაქცინის მეშვეობით მოხვდა მათ ორგანიზმში ვირუსი. რამდენად არის ეს სიმართლე, შეიძლება თუ არა ვაქცინაციით შეგვეყაროს კოვიდი, რა ხდება სინამდვილეში აცრის დროს? – ამ და სხვა კითხვებს „ჯანმრთელობის ცენტრის“ პედიატრი, იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირი ნინო გაფრინდაშვილი უპასუხებს.

– ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ცოცხალ ვაქცინასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, როგორიცაა – წითელა, წითურა, ყბაყურა, მსგავსი რამ არსებობს და ალბათ ეს მოსაზრებაც აქედან წამოვიდა. ამიტომ  მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ შეგვყავს ცოცხალი ვირუსი, რომელიც შემდეგ იწვევს დაავადებას და ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ აცრის მერე გადამდებია. რეალურად ეს სიმართლე  არ არის. ცოცხალი ვაქცინაც კი, როგორიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა, ადამიანის ორგანიზმისთვის უვნებელია და იგი არ იწვევს დაავადებას. ის შედის ორგანიზმში, იწვევს იმუნურ პასუხს, რომელიც რჩება ორგანიზმში და, შესაბამისად,  მერე იცავს კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ.

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას არ არის ცოცხალი ვაქცინა, ანუ ეს  ინაქტივირებული ვირუსიც არ არის. ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენ ვატყუებთ ორგანიზმს, რომ ეს არის ის ვირუსი და ამის შემდეგ ორგანიზმი გამოიმუშავეს იმუნურ პასუხს კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ. იმუნური პასუხი ორგანიზმის რეაქციაა, რომლის შემდეგაც ორგანიზმში ყალიბდება იმუნიტეტი. შესაბამისად, ეს საშიში არ არის. თუ აცრის შემდგომ იმუნური პასუხი არ გამომუშავდა ორგანიზმში, იმ აცრას ფაქტობრივად მნიშვნელობა ეკარგება.

– სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ აცრის შემდეგ მალევე დაინფიცირდნენ. რა ხდება ამ დროს?

– როდესაც ორგანიზმში შედის ვაქცინა, ნებისმიერი აცრის შემდეგ ჩვენ პაციენტს ვაფრთხილებთ, რომ 2 კვირის განმავლობაში მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლას, დაიცვას ყველა რეკომენდაცია, რადგან ამ დროს განსაკუთრებით ლავირულია ორგანიზმი ნებისმიერი დაავადების და მათ შორის – კოვიდის მიმართაც, ანუ მიმღებლობა ბევრად მეტია ამ ორი კვირის განმავლობაში. ამიტომაა, რომ კოვიდვირუსით დაავადება უფრო ხშირია ამ პერიოდში. ორი კვირის შემდეგ უკვე ყალიბდება იმუნიტეტი და 70- 90% დაცულები ვართ კოვიდისგან.

– ეს ეხება ორივე დოზას და ასევე „ბუსტერსაც“?

– ეს ეხება სამივე დოზას და ეს ეხება ნებისმიერ ვაქცინაციას.

– ე.ი. ვაქცინაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში იმუნიტეტი უფრო დაბალია?

– რასაკვირველია. იმუნური სისტემა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც სჭირდება ერთ რამეზე კონცენტრირება. როდესაც ის ერთ რამეზე კონცენტრირდება, რომ გააანალიზოს, ორგანიზმში რა ხდება, შეიძლება მეორე რამეზე კონცენტრირება გაუჭირდეს. ამიტომაა აუცილებელი, ეს  მშვიდ გარემოში მოხდეს. სწორედ ამიტომ გაიცემა რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციის შემდეგ 2 კვირა მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. აქვე მინდა დავამატო, რომ ეს არ გულისხმოს სამსახურში არსიარულს, აქ საუბარია კლუბებზე, ქორწილებზე, დაბადების დღეებზე და, ზოგადად, რეგულაციის დაცვაზე.

– ვაქცინაციის დროს აქვს თუ არა მნიშვნელობა, ადამიანის იმუნური სისტემა მაღალია თუ დაბალი?

– მე ხშირად მომისმენია ადამიანებისგან – მე მაქვს ძლიერი იმუნური სისტემა, ზოგადად, მე არ ვხდები ცუდად და რატომ უნდა ავიცრა, ისედაც არაფერი დამემართება. მსგავსი მიდგომა არასწორია, კოვიდის შემთხვევაში ჩვენ ვერანაირად დავდებთ თავს საკუთარ იმუნიტეტზე იმიტომ, რომ ეს ძალიან არაპროგნოზირებადი ვირუსია. შეიძლება ძალიან ჯანმრთელ ადამიანს, რომელიც  ცხოვრების ჯანსაღი  წესით ცხოვრობს, არასდროს უავადია, არაფერი აწუხებს, ძალიან გაურთულდეს ვირუსი და ძალიან სუსტმა ადამიანმა იოლად გადაიტანოს. ამ შემთხვევაში ვერ დავეყრდნობით ჩვენს იმუნურ სისტემას. ამიტომ არის აცრა ყველასთვის რეკომენდებული და მე ვიტყოდი – აუცილებელიც კი. გადავადება ხდება ერთადერთ  შემთხვევაში, როდესაც იმუნიტეტი აშკარად არის დაქვეითებული, მაგალითად, ონკოპაციენტების ქიმიო და სხივური თერაპიით მკურნალობისას, იმუნოდეპრესანტების მიღების დროს, როდესაც ნამდვილად ქვეითდება იმუნოპასუხი.  ასეთ შემთხვევაში აცრა აუცილებლად უნდა გადავადდეს და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება მისი ვაქცინაცია.

– როგორც ვიცით, აცრა არ შეიძლება, თუ ადამიანი კოვიდით არის ავად, მაგრამ ხანდახან დაავადება უსიმპტომოდაც მიმდინარეობს ორგანიზმში. ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?

– აცრის წინ, ოფიციალურად, ტესტირება არ ტარდება, მსგავსი რეკომენდაცია არ არსებობს. ზოგადად, ნებისმიერი ვაქცინის და მათ შორის – კოვიდის ვაქცინის გაკეთებაც არ არის რეკომენდებული მწვავე პერიოდში. როდესაც არის ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, ტემპერატურა, უნდა მოვიცადოთ რამდენიმე დღეს და მერე ავიცრათ. თუ კოვიდიან პაციენტთან გქონდათ შეხება, ასეთ დროსაც დაველოდოთ რამდენიმე დღე და თუ კოვიდის ნიშნები არ გამოვლინდა, გავიკეთოთ ვაქცინა. თუ კოვიდი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ვიცოდეთ, რომ ვაქცინისა და ვირუსის თანხვედრის დროს არანაირი გართულება არ მოხდება. მსგავსი შემთხვევა არსად დაფიქსირებულა. მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს.  

დავუჯეროთ პროფესიონალებს, დავუჯეროთ სამედიცინო პერსონალს, ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს და არ დაუჯეროთ სოციალურ ქსელში არაპროფესიონალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. უნდა ავიცრათ, რადგან ვაქცინაცია არის მედიცინის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, ეს არის ჩვენთვის იარაღი, რომლითაც შეგვიძლია ვებრძოლოთ კონკრეტულ დაავადებებს. ამ შემთხვევაში ამ დაავადების წინააღმდეგ სხვა საშუალება არ გაგვაჩნია, ამიტომ მადლობა ვუთხრათ ვაქცინის შემქმნელებს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოსახლეობა ენდობა მედპერსონალს, პროფესიონალებს, აუცილებლად უნდა ავიცრათ, რათა ერთად და დროულად დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი