ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ნორმალური ცხოვრების მოლოდინში | დევნილთა უბინაობის პოლიტიკა

23 დეკემბერი, 2021 •
ნორმალური ცხოვრების მოლოდინში | დევნილთა უბინაობის პოლიტიკა

ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი


დევნილები დღემდე ითხოვენ საცხოვრებლების განაწილების სამართლიან და გამჭვირვალე მიდგომას, დევნილთა პოლიტიკაში მონაწილეობის მექანიზმის შექმნასა და დევნილთა მიმართ არსებული სახელმწიფო პოლიტიკის ერთიან შეფასებას. ხშირად, სწორედ ეს მოთხოვნები უდევს საფუძვლად დევნილთა საპროტესტო გამოსვლებს, საიდანაც მეხსიერებაში უმეტესად მხოლოდ ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნა რჩება ხოლმე.

მედია დროდადრო აშუქებს დევნილთა საპროტესტო გამოსვლებსა და პროტესტის ისეთი რადიკალურ ფორმებს, როგორიც არის პირის ამოკერვა, ბენზინის გადასხმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში შეჭრა ან ენგურის ხიდისკენ მსვლელობა. დევნილები ამით ცდილობენ სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობას. უცხო თვალისთვის დევნილთა პრობლემები ბინის მიღებამდე დაიყვანება, თუმცა პროტესტის რეალური შინაარსი სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა განსახლების პოლიტიკის გულგრილობა, მოუქნელობა და უსამართლო ხასიათია. 

2021 წლის 29 ნოემბერში ქალაქ ზუგდიდში 63 წლის აფხაზეთიდან დევნილმა ქეთევან ინალიშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მასთან ერთად შიმშილობდა კიდევ სამი ადამიანი. ისინი ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ და პროტესტის მიზეზად გაუარესებულ საცხოვრებელ მდგომარეობას ასახელებდნენ, ხოლო სახელმწიფოსგან ითხოვდნენ ბინებით დროულად დაკმაყოფილებას. პროტესტი უკავშირდება დევნილთა სააგენტოს მიერ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 600 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემას. ამ სიაში ვერ მოხვდნენ ქეთევან ინალიშვილის ოჯახი და მისი მეზობლები ყოფილი საავადმყოფოს შენობიდან. სააგენტოს ინფორმაციით, ბარამიას ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის გახსნის შედეგად ზუგდიდის მუნიციიპალიტეტში 89 ნგრევადი შენობა დაიხურა, მთლიანობაში კი, 2013 წლიდან დღემდე, საქართველოში ახალი საცხოვრებელი 27 000 დევნილ ოჯახს გადაეცა. რას იმას ნიშნავს, რომ წელიწადში დაახლოებით 3000 ოჯახის უზრუნველყოფა ხდება.

ზუგდიდის პროტესტის რეალური მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ ბინის მიღება. დევნილებს მიაჩნიათ, რომ განსახლების სახელმწიფო პოლიტიკა გაუმჭვირვალე, უსამართლო და არათანმიმდევრულია. ასეთი განცდა იწვევს ეჭვს, რომ ბინები არა საჭიროების, არამედ სხვა კრიტერიუმებით ნაწილდება. ამის საფუძველია ჯერ კიდევ საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები დევნილების გაუარესებული საყოფაცხოვრებო მდგომარეობა: ანტისანიტარია, საცხოვრებელი ობიექტების საფრთხის შესახებ ექსპერტიზის დასკვნები და დევნილთა მრავალწლიანი მოლოდინის გამოცდილება. 

დევნილთა სააგენტოს 2020 წლის მონაცემებით, სულ რეგისტირებულია 90 614 დევნილი ოჯახი (286 811 დევნილი). 2020 წელს 2196 ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი, ხოლო 1900-ზე მეტს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა. სააგენტოს ინფორმაციით (2020), დევნილთა განსახლების ტემპი და ბიუჯეტი ყოველ წელს იზრდება. წელიწადში, საშუალოდ, 2000-დან 3000-მდე ოჯახი კმაყოფილდება საცხოვრებლით. 2020 წლისთვის 49 000-მდე ოჯახი ჯერ კიდევ ელოდება განსახლებას. 2022 წლისთვის კი მთავრობა გეგმავს, რომ 3000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდეს გრძელვადიანი საცხოვრებლით. მოცემულ ციფრებს მიღმა არსებული რეალობა ასეთივე შთამბეჭდავი არ არის. არსებული გამოცდილებითა და გათვლებით, ამ პროცესის დასრულებას დაახლოებით ორი ათწლეული მაინც დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგი დევნილი ომის დასრულებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ მოახერხებს საცხოვრებლის მიღებას.

დევნილთა სააგენტოს საქმიანობაში პერიოდულად შედის ცვლილებები. მაგალითად, განსახლების წესი პრიორიტეტებსა და ბინის მიღების რიგითობას განსაზღვრავს. ამ რიგითობაში უპირატესობა ენიჭებათ ნგრევად შენობებში მცხოვრებლებს. მიუხედავად ამისა, დევნილთა საპროტესტო აქციები სწორედ ნგრევად შენობებში იწყება, საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილებისთვის მათი რიგი განუსაზღვრელი დროით არის გადავადებული. 

2021 წლის დეკემბერში კიდევ დაანონსდა დევნილთა განსახლების პროგრამაში ცვლილებები. “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში მისაღები თანხა ყოველ წევრზე იზრდება. ეს დადებითი სიახლეა, რადგან გამოცდილება აჩვენებს, რომ კერძო საკუთრებაზე ფასების ზრდასთან ერთად კიდევ უფრო რთული იყო დევნილებისთვის სოფლად სახლის პოვნა 17 000 ლარად.  ამ და სხვა ცვლილებების  მიუხედავად, სასტუმრო “უშბა”, ყოფილი “ჰიდროგეოლოგიის ბიურო”, ყოფილი საბავშვო ბაღი, ყოფილი “საქწიგნის” შენობა, საწარმო “კიკიჩა”, ბაზა “მუხრანი”, ყოფილი დისპანსერი, ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი და სხვა ასეთი დასახელების შენობები დღემდე დევნილთა საცხოვრებლების მისამართებია თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში. მათი უმეტესობა ცხოვრებისთვის გამოუსადეგარია, თუმცა სააგენტოს პრიორიტეტების (ნგრევადი ობიექტების პრიორიტეტიზაციის) მიუხედავად, მაინც ბუნდოვან რიგითობას ექვემდებარებიან, ხოლო “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში თანხის ზრდა გავლენას არ ახდენს  განსახლების ტემპის ცვლილებაზე.  

მედიაში პერიოდულად იწერება არაერთი დევნილი ოჯახის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების შესახებ. 2020 წლის დეკემბერში აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე, ოჯახმა, სადაც 8 წლისა და 79 წლის დევნილი კაცი ცხოვრობდა, წერილი მიიღო მათი რამდენიმე კვადრატული საცხოვრებლის გეგმური დემონტაჟის შესახებ. წერილის თანახმად, 20 დეკემბრამდე სახლი უნდა დაეცალათ. ეს ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. მოეწყო საპროტესტო აქციაც და ბავშვთა უფლებადამცველები დაინტერესდნენ 8 წლის ბიჭით. მალე ცნობილი გახდა, რომ ოჯახი აფხაზეთიდან იყო დევნილი და სახლიც პენსიის ფულით ჰქონდათ აშენებული. მედიაში ამბის  გახმაურების საპასუხოდ, 20 დეკემბერს დევნილთა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ჩანგელიების ოჯახს უკვე ჰქონდა სამოთახიანი ბინა მიღებული ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე. სწორედ იმ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც 2021 წლის 29 ნოემბერს 600 დევნილ ოჯახს გადაეცა. ჩანგელიების მსგავსად, უამრავი დევნილი ოჯახისთვის სახელმწიფოსგან საცხოვრებლის მიღებას წინ უძღვის თავის გადარჩენის მიზეზით სხვადასხვა არასაცხოვრებელი სივრცეების დაკავება.

ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სააგენტო ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირებს, თუმცა ერთიან პოლიტიკაში თანმიმდევრული და რეალისტური მიდგომა ნაკლებად ჩანს. ათეულ წლებზე გადანაწილებული განსახლების პოლიტიკა არაეფექტიანია. განსახლების მოლოდინი ტრანსგენერაციულ ხასიათს იღებს – დევნილთა თაობებისთვის მემკვიდრეობა ხდება უბინაობა და სახლის მოლოდინი. დევნილთა სააგენტოს საქმიანობაში არსებული ცვლილებები არ ეხება განსახლების ტემპის ზრდას ან დევნილთა საჭიროებების განხილვას ქვეყნის ზოგად სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტში. ამასთან, წლებზე გადანაწილებული განსახლების სახელმწიფო პოლიტიკა უკმაყოფილებას იწვევს არადევნილ საზოგადოებაშიც. უსახლკარობა საქართველოში მზარდი პრობლემაა და არადევნილ  მოსახლეობასაც აწუხებს. ამ ფონზე, წლების მანძილზე დევნილების განსახლების საკითხზე ფრაგმენტული და ხშირად გადაჭარბებული ინფორმაცია ქმნის წარმოდგენას, რომ დევნილები რამდენიმე ბინას ფლობენ და კიდევ ელოდებიან. ამ წარმოდგენებს ასაზდროებს, ერთი მხრივ, დევნილთა განსახლების სახელმწიფო პოლიტიკის ერთიანი შეფასების არარსებობა, მეორე მხრივ კი, ქვეყნაში უსახლკარობის მაჩვენებლების ზრდა თუ ზოგადი სოციალური და ეკონომიკური ფონის გაუარესება. 

დევნილებმა, ომის შემდეგ რომ სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილდნენ,  განსაკუთრებით კი ქალებმა, ქუჩაში ვაჭრობით დაიწყეს თავის რჩენა. მედიის მეხსიერებაში ასეთი არაერთი აქციაა შემორჩენილი, როცა გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციაზე ითხოვენ, რომ მათ  მისცენ ქუჩაში ვაჭრობის უფლება, ან შეღავათებს ითხოვენ კერძო ტერიტორიაზე ვაჭრობისას. გარემოვაჭრეების აქციები საბოლოოდ დევნილების აქციად გადაიქცევა ხოლმე. ეს უკანასკნელი გამოსავალი ხდება მათთვის, სახელმწიფოს გააგებინონ, რომ ვაჭრობის უფლება მათთვის სოციალურ თუ პოლიტიკურ სტატუსთან – დევნილობასთანაც არის დაკავშირებული. 

დევნილთა განსახლების პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემები სიახლეს არ წარმოადგენს 2021 წლის მიწურულს. თუმცა სიახლეა დევნილთა საპროტესტო გამოსვლებში სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სახალხო დამცველის მხრიდან ყურადღების მიპყრობის მცდელობები. “სახალხო დამცველო, დაინტერესდი, ჩვენც, დევნილები ამ ქვეყნის შვილები ვართ”, – ეწერა ბანერზე ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში გამართულ საპროტესტო აქციაზე. სახალხო დამცველის აპარატს არაერთი ანგარიში აქვს გამოქვეყნებული დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (2015; 2017) და ის  მონაწილეობდა კიდეც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში. მიუხედავად ამისა, დევნილთა განსახლების პოლიტიკაში “კვლავაც რჩება გამოვწვევები”, წერია ომბუდსმენის აგნარიშში.

1992-1993 წლების ომის დასრულების შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილებისთვის არ არსებობდა სახელმწიფო განსახლების პროგრამა. ოფიციალური პოლიტიკა ქვეყანამ 2007-2008 წლებში, ომის დასრულებიდან 14 წელიწადში შეიმუშავა, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სახით, და სწორედ ამ დოკუმენტში გამოჩნდა პირველად დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების ოფიციალური ვალდებულება. სტრატეგია ხაზს უსვამს დევნილთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის საჭიროებას, თუმცა ეს პროცესი არასდროს წარმართულა დევნილთა ნაწილის ღირსების შელახვის გარეშე. 

2004-2010 წლებში საქართველოში ეკონომიკური რეფორმები აქტიურ ფაზაში შევიდა, რომელიც ტურიზმისა და პრივატიზაციის პოლიტიკას მოიაზრებდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობებიდან დევნილთა იძულებით, ხშირად, პოლიციისა და სპეცრაზმის ძალით გამოსახლების აქტიური ფაზა. გამოსახლების მთავარი მიზანი იმ შენობების გასხვისება და ეკონომიკური სარგებლის ნახვა იყო, სადაც დევნილები ომის შემდეგ აფარებდნენ თავს. ეს პროცესი დევნილთა მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა და მას ნეგატიურად აფასებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

2014 წლიდან დევნილთა განსახლების პოლიტიკის დოკუმენტებში რიგი ცვლილებები შევიდა. დევნილთა ყოველთვიური დახმარება 45 ლარი გახდა; მათ უკვე თბილისშიც შეეძლოთ გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მოთხოვნა; შეიქმნა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (2013), რომლის მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ისე, რომ დევნილთა პრობლემები არ მოგვარებულა, დევნილთა სამინისტრო გაუქმდა (2018, სხვა სამინისტროებზე გადანაწილდა მისი ფუნქციები), უფრო მოქნილი სტურქტურა რომ შექმნილიყო. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებებისა, დევნილთა პრობლემების ძირითადი მახასიათებლები არ შეცვლილა. ამ ცვლილებების შემდეგ არ შეწყვეტილა დევნილების საპროტესტო აქციებიც. მეტიც, 2010-იან წლებში სხვადასხვა შენობებიდან გამოსახლებული დევნილების პროტესტმა ახალი მუხტი შეიძინა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პრობლემა არათუ არ იცვლება, არამედ ახალ ფორმებს იძენს, როგორიც არის უსახლკარო დევნილის იდენტობა, რომელიც ტრანსგენერაციულ ხასიათს იღებს, უმუშევრობისა და კულტურული იზოლაციის მახასიათებლები, დაბრუნების და დევნილობის ტრავმა, საზოგადოებრივი განწყობები დევნილთა მიმართ და სახელმწიფო რესურსებზე/დახმარებაზე მჭიდრო დამოკიდებულება.

ამ პრობლემებზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. დევნილთა საკითხებზე თითქმის 30- წლიანი საუბარი, დევნილთა საბინაო (უბინაო) პოლიტიკის არაეფექტიანი ცვლილებები, სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვისაც პოლიტიკურად ტრანსგენერაციულ,  გადაუჭრელ ხასიათს იძენს და თაობიდან თაობას გადაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი