ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ლოქდაუნის” გამო სამსახური დავკარგე, ქირას ვეღარ ვიხდით – დევნილი აფხაზეთიდან

4 დეკემბერი, 2020 • 1762
“ლოქდაუნის” გამო სამსახური დავკარგე, ქირას ვეღარ ვიხდით – დევნილი აფხაზეთიდან

აფხაზეთიდან დევნილი მანანა მატკავა, რომელმაც ამ დრომდე სახელმწიფოსგან ბინა ვერ მიიღო, პენსიონერ დედასთან და 12 წლის შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მან სამსახურიც დაკარგა. ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩენის წინაშე აღმოჩნდა.

“აქამდე ყავის მაღაზიაში ვმუშაობდი, რომელიც მეორე “ლოქდაუნის” დროსაც დაიხურა. დავრჩი ასე. მეპატრონე თავად დაზარალდა და ვერ ვთხოვ რამე კომპენსაციას”, – გვიყვება ქალი.

მანანა მატკავა გალიდანაა და აფხაზეთის ომის დროს ოჯახთან ერთად ჯერ ზუგდიდში ნათესავებთან, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, რის შემდეგაც ოჯახი მუდმივად ქირით ცხოვრობს.

“დევნილთა აქციებში ბინებისთვის მხოლოდ ერთხელ ვმონაწილეობდი. ვარ ასე და ველოდებით პატიოსნად, როდის მოვა ჩვენი რიგი ბინაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, უსასრულოდ მომიწევს ლოდინი”.

300 ლარად ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში მისი მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი დედაც ცხოვრობენ. ქალი გვიყვება, რომ პენსია და სოციალური დახმარება წინასწარ აქვთ აღებული ბინის ქირის გადასახდელად.

“მონიტორინგის შედეგად, რამდენიმე თვეა დევნილთა სამინისტრო ბინის ქირის ნახევარს გვიფარავს. დანარჩენის მოძიება თავად გვიწევს, მაგრამ ახლა, უსამსახუროდ დარჩენის პირობებში, ეგეც წარმოუდგენელია. რას ვიზამთ, არ ვიცი. მით უმეტეს, ქირის გარდა, სხვა საჭიროებებიც გვაქვს, პირველ რიგში, ინტერნეტი, რომ ბავშვი სასწავლო პროცესში ჩაერთოს”, – ამბობს მანანა მატკავა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, როდესაც მოქალაქეების ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა, მსგავსი პრობლემა აფხაზეთის ომის იმ სხვა დევნილებსაც შეექმნათ, ვისაც ამ დრომდე საცხოვრებელი არ მიუღიათ და ქირით უწევთ ცხოვრება.

 

ამავე თემაზე:

დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება

მასალების გადაბეჭდვის წესი