საზოგადოება

„მე კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ“ — თბილისში გარემოვაჭრეები დააჯარიმეს

7 დეკემბერი, 2021 • 2150
„მე კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ“ — თბილისში გარემოვაჭრეები დააჯარიმეს

თბილისში, მეტროსადგურ „დელისთან“ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა ბოლო ორ დღეში სამი გარემოვაჭრე დააჯარიმა — თითოეული 50 ლარით.

როგორც გარემოვაჭრეები ნეტგაზეთს ეუბნებიან, ეს მათ დღიურ შემოსავალს აღემატება.

გარემოვაჭრეების თქმით, დღეს, 7 დეკემბერს, დაჯარიმებას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა მერიის წარმომადგენელსა და მოვაჭრეებს შორის:

„მივიდნენ იმ მოხუცთან [გარემოვაჭრესთან], ყველაფერი დაულეწეს. ვიღაც ბიჭმა დაუნგრია ყველაფერი და გადაყარა გზისკენ მანდარინი, ხურმა, კარალიოკი… ყველაფერი, რაც გაჭირვებულ ქალს ჰქონდა გასაყიდად, თავის ყუთიანად ყრიდა… მერე დავინახე, რომ ეს კაცი ტყვიასავით ჩემკენ გამოექანა, პატარა ყვავილები მეწყო, ყველაფერი გადაყარა“, — უთხრა ნეტგაზეთს 75 წლის გარემოვაჭრემ, როენა კვარაცხელიამ.

მისი თქმით, ფიზიკური დაპირისპირებაც სწორედ ამ დროს მოხდა, რის შედეგადაც 75 წლის გარემოვაჭრე წაიქცა კიდეც.

როენა კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია, ისევე, როგორც მეტროსადგურ „დელისთან“  მყოფი სხვა გარემოვაჭრეების უმეტესობა.

თავად ამბობს, რომ გარევაჭრობა 8 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ ყვავილების გასაყიდად ყოველდღე მიდის ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

„ცოტა ხანს მეც ვყიდდი მანდარინსა და ვაშლს, მაგრამ სიმძიმის აწევა არ შემიძლია, შვილმკვდარი დედა ვარ, განადგურებული, სახლ-კარ მიტოვებული ქალი ვარ… სოხუმიდან დევნილი… ორი შვილი და შვილიშვილები მყავს, სამუშაო რომ არ არის, გვიჭირს, არ გვაქვს სამუშაო, ამ ყვავილებს ვყიდი და ეს არის…

ჩემი გოგო მუშაობს, მაგრამ ბინის ქირას ვიხდით, პენსია ავიღე ამ დილით და აფთიაქში დავტოვე, უკვე არაფერი მაქვს, სახლში კაპიკი ვერ მიმაქვს“, — ამბობს როენა კვარაცხელია.

ფოტო: კადრი “ფორმულას” ეთერიდან

როგორც გარემოვაჭრეები ნეტგაზეთს უყვებიან, დღის ბოლოს შეიძლება, 30-40 ლარი დარჩეთ, თუმცა არის დღეებიც, როდესაც გაყიდული პროდუქტიდან თითქმის არაფერი რჩებათ.

დაბალი შემოსავლისა და რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, გარევაჭრობას თავს ვერ ანებებენ, რადგან საკვების, წამლების, ბინის ქირისა და სხვა პროდუქტებისთვის შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ აქვთ.

„აქ ვდგავართ წვიმაშიც, სიცივეშიც, ქარშიც, ყინვაშიც და სიცხეშიც… ზაფხულში რამდენჯერ ჩამთვლემს ხოლმე… სოხუმელი ქალი ვარ, სოხუმში რომ ვცხოვრობდი, არც წარმომედგინა, თუ ქუჩაში დავჯდებოდი ოდესმე… მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა, გაჭირვებამ სირცხვილი არ იცის“, — ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„მე კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ, რომ ჩემს შვილიშვილებს და ჩემს ოჯახს რაღაც მივუტანო. გამოვიდნენ და ნახონ, რამდენი ხალხი იქექება ნაგავში, მეც წავიდე და ნაგავში ვეძებო პური? მაგათ თუ უნდათ სიცოცხლე და ცხოვრება, ჩვენ მაგათზე ნაკლებად არ გვინდა. თუ ძლიერები არიან, დაასაქმონ ხალხი და არ იქნება პრობლემა, ქუჩაში არ გამოვალთ“, — ამბობს კიდევ ერთი გარემოვაჭრე ნინო მირცხულავა, რომელიც 12 წელია გარემოვაჭრეობით არჩენს ოჯახს.

60 წლამდე გარემოვაჭრის თქმით, მის შემოსავალზე 7 ადამიანია დამოკიდებული, მათ შორის მისი შვილიშვილები და მეუღლე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუშაობა არ შეუძლია.

მისი განმარტებით, 12 წლის განმავლობაში სხვა სამსახურებშიც სცადა მუშაობის დაწყება, თუმცა ყოველთვიური ხელფასს იმაზე ნაკლებს სთავაზობდნენ, ვიდრე გარევაჭრობით აკეთებს.

„600 ლარს მთავაზობდნენ და ეს ფული შვიდ სულს როგორ ეყოფა?“, — ამბობს ის.

„დელისის“ მეტროსთან მყოფი გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მუშაობის შეწყვეტას არ აპირებენ, კანონმდებლობით კი მათი საქმიანობა უკანონოდ ითვლება.

ერთ-ერთი გარემოვაჭრე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამ ყველაფრიდან გამოსავალს დახლების დადგმაში ხედავს.

„მეც არ მომწონს, ასე რომ ვდგავარ, მაგრამ რა ვქნა?! ჩვენ დილას-საღამოს ვასუფთავებთ აქაურობას, უსუფთაოდ არ დავდგებით. მინდა, რომ რამე ლამაზი დახლები გაკეთდეს. მთავრობას მივმართავ, ხომ ვდგავართ აქ, ყვავილებს ვყიდი, მოგვცენ რამე [დახლი], დაგვაყენონ“, — უთხრა მან ნეტგაზეთს.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახურის წარმომადგენლები პერიოდულად აფრთხილებენ გარემოვაჭრეებს, რიგ შემთხვევებში აჯარიმებენ და ნივთების კონფისკაციასაც ახდენენ.

მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ერთი კვირის განმავლობაში „დელისის“ მეტროსადგურთან მყოფი გარემოვაჭრეები სამჯერ გააფრთხილეს, რის შემდეგაც მათი ნაწილი დააჯარიმეს. უწყების თქმით, ამის მიუხედავად გარემოვაჭრეებმა აღნიშნული ტერიტორია არ დატოვეს.

რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის პრესსამსახურში აღნიშნულს უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი