ახალი ამბები

„ოცნება“ ჩხოროწყუში კანდიდატს არ აყენებს და სხდომის გადადებას ითხოვს

23 დეკემბერი, 2021 • 1500
„ოცნება“ ჩხოროწყუში კანდიდატს არ აყენებს და სხდომის გადადებას ითხოვს

ჩხოროწყუს საკრებულოში „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას არ აყენებს.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივმა ლიდერმა, ჯუმბერ იზორიამ, რომელიც წინა სხდომებზე თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო, განაცხადა, რომ თავის კანდიდატურას არ დააყენებს და სხდომის გადადება მოითხოვა.

ოპოზიცია ამ მოთხოვნას არ იზიარებს და აცხადებს, რომ სხდომა უნდა გაგრძელდეს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა, ჯანო პერტაიამ შოთა წურწუმიას მიმართა: „მე მენანებით, შოთა, პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერწყმით“.

ენმ-სთან შერწმა წურწუმიამ უარყო და უპასუხა:

„ჩემო მეგობარო, შენ თუ გენანები იქ, სადაც დღეს მე ვიმყოფები, მე ჩემი თავი მენანებოდა იქ, სადაც, ნუ მიწყენ, მაგრამ თქვენ იმყოფებით. ამიტომ ვდგავარ, სადაც ვდგავარ. ჩვენ ჩვენი ხედვა გაგვაჩნია“.

სხდომის უხუცესმა წევრმა, გული ბაძაღუამ განაცხადა, რომ სხდომაზე შესვენებას გამოაცხადებდა, რათა მხარეები „ერთმანეთში გაერკვნენ“, თუმცა ოპოზიციამ ამ შეთავაზებაზეც უარი განაცხადა.

იზორიამ განაცხადა, რომ ჩხოროწყუში „ექსპერიმენტი“ ტარდება და „პოლიგონად“ ქცევას უპირებენ, რაც ოპოზიციაში უარყვეს და ეს განცხადება გააკრიტიკეს. მან ასევე თქვა, რომ გახარიას გუნდის წევრები მის ზარებს არ პასუხობდნენ და ამის გამო სინანული გამოთქვა, რადგან, მისი თქმით, ამას არ იმასხურებს.

„ლელოს“ წარმომადგენელმა, კორნელი წურწუმიამ განაცხადა, რომ შოთა წურწუმიას, გახარიას გუნდის კანდიდატს, შანსი უნდა მიეცეს და არანაირი ტრაგედია ოპოზიციური საკრებულოს ფუნქციონირებაში არ იქნება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ჯანო პერტაიამ ასევე განაცხადა, რომ ჩხოროწყუში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის „ქორწინება“ იგეგმება. ამაზე პასუხად „ლელოს“ დეპუტატმა კორნელი წურწუმიამ განაცხადა:

„თუ ამის მოლოდინი აქვს ჯანოს, მე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვიქნები. ჯანო, მე ამ ქორწინებისთვის დიდი ხანია ვამზადებ სიტუაციას, პირადად მე, კორნელი წურწუმია და არა როგორც „ლელოს“ წარმომადგენელი. ეს მოცემულობაა დღეს. ეს ხალხისგან გვერგო, ეს ხალხმა გადაწყვიტა, ხალხის განწყობის გამოძახილია“, – განაცხადა წურწუმიამ.

გახარიას პარტიას  საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენილი ჰყავს მაჟორიტარი დეპუტატი, შოთა წურწუმია.

12:35 საათზე სხდომაზე  20-წუთიანი შესვენება გამოცხადდა.

შესვენების შემდეგ წუწრუმიას კანდიდატურას უნდა ეყაროს კენჭი.

27-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 12 დეპუტატი ჰყავს, ენმ-სა და გახარიას- 7-7, ხოლო „ლელოს“ – 1.

მასალების გადაბეჭდვის წესი