ახალი ამბები

სააკაშვილი მოშიმშილეებს მინერალური დანამატების მიღებისკენ მოუწოდებს

22 დეკემბერი, 2021 • 2169
სააკაშვილი მოშიმშილეებს მინერალური დანამატების მიღებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილმა იმ პირებს, რომლებიც ახლა ნაციონალური მოძრაობის ოფისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ, მინერალური დანამატების მიღებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ ჩემს თანამებრძოლებს, მუდმივად იყვნენ სამედიცინო კონტროლის ქვეშ, მიიღონ მინერალური დანამატები რეგულარულად. სწორედ ამ მინერალური დანამატების დახმარებით, რაც არ არღვევს შიმშილობის პროტოკოლს, ტყვედ აყვანილმა ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა ანატოლი სენცოვმა 120 დღე გაძლო შიმშილობის რეჟიმში რუსეთის ციხეებში.

იმედია, ჩვენ ამდენი დრო არ დაგვჭირდება, ვინაიდან გარდა შიმშილობისა, ქვეყანას მოედება სხვა საპროტესტო აქციები მთავრობის სრული გაღორების და ხალხის ასეთი ჩაგვრის და დაცინვის ფონზე. ძალიან დიდი უსამართლობის გამო, რომელიც ყოველდღიურად ეხება თითოეულ მოქალაქეს.

თქვენი თავგანწირვით აჩვენებთ, რომ მოლაპარაკე თავები კი არ ხართ, არამედ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავთ უსამართლობის დასამარცხებლად. ასეთ თავგანწირვას დამარცხებული ჰყავს ბრიტანეთის და საბჭოთა იმპერიები და ერთი ბოროტი ოლიგარქი რაღა გახდა“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე სააკაშვილმა მოშიმშილეები ცოტნე დადიანს შეადარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი