ახალი ამბები

“თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

22 დეკემბერი, 2021 • 1993
“თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე “პრაიდის ოფისში” შეჭრაში ბრალდებულები, გიორგი ოძელაშვილი, ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი, 5 000-5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნული გადააწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

ოძელაშვილი, ალაზოვი და ელისბარაშვილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნისა და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ბრალდებით 8 ივლისს დააკავეს. სასამართლომ მათ პატიმრობა 10 ივლისს შეუფარდა.

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა “ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები მოჰყვა მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ჟურნალისტები ჯერ კიდევ 5 ივლისის საღამოს ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებების ფონზე, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიცია შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი და მან ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი