ახალი ამბები

ბრაზილიაში ოპონენტმა პოლიტიკოსებმა რინგზე იჩხუბეს

16 დეკემბერი, 2021 • 1572
ბრაზილიაში ოპონენტმა პოლიტიკოსებმა რინგზე იჩხუბეს

ბრაზილიაში ამაზონასის შტატის ქალაქ ბორბას მერმა და ყოფილმა მრჩეველმა უთანხმოების მოგვარება რინგზე, MMA-ის მატჩით გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ჩხუბში ქალაქის მერი, სიმაო პეიშოტო პირველად სექტემბერში გამოიწვია ყოფილმა მრჩეველმა, ერინეუ და სილვამ . ყოფილი მრჩეველი მოქმედ მერს მდინარე მადეირას მახლობლად წყლის პარკის გამო დაუპირისპირდა და მას “ნაბიჭვარი” და “თაღლითი” უწოდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, მერმა აკვაპარკის გადარჩენა ვერ მოახერხმა.

პეიშოტომ გამოწვევა მიიღო და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მოქმედი მერი ხელისგულზე მუშტს ირტყამდა და სილვას მიმართავდა: “მაჩვენე შენი სახე!”.

ამ ვიდეოს შემდეგ ამომრჩევლების ნაწილმა მერი გააკრიტიკა. მათი თქმით, არჩეული მმართველის მხრიდან ეს არასასურველი საქციელი იყო. ამის შემდეგ პეიშოტომ ტონი შეარბილა და მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მხოლოდ რინგზე, ორგანიზებულ ჩხუბებში მიიღებდა მონაწილეობას.

“მე ქუჩის მოჩხუბარი არ ვარ… მე ვარ ბორბას მუნიციპალიტეტის მერი, მაგრამ თუ მას მართლა უნდა ჩხუბი, ჩვენ მზად ვართ ჩხუბისთვის… მე ყოველთვის გამარჯვებული ვიყავი”, – დაწერა პეიშოტომ საკუთარ ფეისბუქზე ნოემბერში.

ერთი თვის შემდეგ კი, 12 დეკემბერს, ადგილობრივი სკოლის დარბაზში დაპირისპირება შედგა, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო.

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, პეიშოტო რინგზე დამხმარეებთან ერთად მივიდა, ხელში კი შავი პირსახოცი ეჭირა, რომელსაც “იესო” ეწერა. ჩხუბის დროს ის ორჯერ მივიდა მოწინააღმდეგესთან და ყელზე თითი გამოისვა, რაც განადგურების ნიშანია.

რინგზე დაპირისპირება, რომელიც პეიშოტოს გუნდმა პირდაპირ ეთერში გადასცა, 13 წუთს გაგრძელდა. პირდაპირ ეთერში ითქვა, რომ ბორბას მოქმედმა მერმა რამდენიმე მტკივნეული დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს. The Guardian-ის ცნობით, პეიშოტომ მოწინააღმდეგე საწყის წამებშივე ჩააგდო ნოკდაუნში, თუმცა სილვამ ბრძოლა განაგრძო.

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, სამი რაუნდის შემდეგ ბორბას მოქმედ მერს მოწინააღმდეგისგან ფეხში მიყენებული დარტყმებისგან მიღებული ტრავმების გამო სიარული უჭირდა. მიუხედავად ამისა, მოქმედმა მერმა  ქულებით გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი