ახალი ამბები

ბოლსონაროს ათასობით მხარდამჭერი სამთავრობო დაწესებულებებში შეიჭრა

9 იანვარი, 2023 • 890
ბოლსონაროს ათასობით მხარდამჭერი სამთავრობო დაწესებულებებში შეიჭრა

8 იანვარს ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონაროს ათასობით მხარდამჭერი ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიაში სხვადასხვა სახელისუფლებო დაწესებულებაში შეიჭრა.

ბოლსონაროს მხარდამჭერებმა დაიკავეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, უზენაესი სასამართლო და პრეზიდენტის სასახლეც.

როგორც BBC იტყობინება, ათასობით დემონსტრანტმა თითქმის 8 კილომეტრი ისე გაიარა დედაქალაქ ბრაზილიაში და ისე დაიკავა შენობები, რომ პრაქტიკულად, წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. სწორედ უსაფრთხოების დაუცველობის გამო უზენაესმა სასამართლომ რეგიონის გუბერნატორი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.

9 იანვრის მდგომარეობით, სამართალდამცავებმა შეძლეს ყველა შენობის გათავისუფლება, დაკავებულია ასობით ადამიანი.

ბოლსონაროს მხარდამჭერები არ აღიარებენ 2022 წლის შემოდგომაზე გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი გახდა მემარცხენე პოლიტიკოსი ლუის ინასიო ლულა და სილვა. ისინი არმიას მოუწოდებენ, ხელში აიღონ ძალაუფლება და ლულა ციხეში ჩასვან.

თავად ბოლსონარო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდაშია და უარყოფს კავშირს დემონსტრანტების ქმედებებთან. უფრო მეტიც, ოფიციალურად დაგმო მათი ქმედებები.

BBC-ის სამხრეთ ამერიკის ბიუროს კორესპონდენტი, კეტი უოტსონი წერს, რომ ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე ბრაზილიელებს ეშინიათ კომუნიზმის, პრეზიდენტი ლულა კი სწორედ კომუნისტად მიაჩნიათ. ამის გამო ისინი არმიისგან ითხოვენ ძალაუფლების ხელში აღებას. ბრაზილიას კი ნამდვილად აქვს სამხედრო დიქტატურის გამოცდილება რამდენიმე ათეული წლის წინ, თუმც,ა რადიკალურად განწყობილების აზრით. ეს არ იყო დიქტატურა, პირიქით, ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო სწორედ სამხედრო მმართველობის დროს. BBC-ის ჟურნალისტის ცნობით, ამ ადამიანების განწყობებს განასახიერებს ყოფილი პრეზიდენტი ბოლსონარო და რადიკალური განწყობები „ქვემოდან ზემოთ“ მოდის და არა — პირიქით. უფრო მეტიც, რადიკალები ბოლო დროს უკმაყოფილონი არიან ბოლსონაროს ქმედებებით, რომელმაც, ფაქტობრივად, პოლიტიკური ვითარების გამწვავებას თავი აარიდა და არჩევნების შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა.

პრეზიდენტმა ლულამ 8 იანვარს სამთავრობო შენობებში შეჭრილებს „ფანატიკოსი ფაშისტები“ უწოდა და მათი დასჯის პირობაც დადო.

ფოტოზე: ბოლსონაროს მხარდამჭერების შტურმი ეროვნული კონგრესის შენობაზე. EPA-EFE/ANDRE BORGES

მასალების გადაბეჭდვის წესი