ბრაზილიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მემარცხენე კანდიდატი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა და ბრაზილიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, მემარჯვენე პოპულისტი ჟაირ ბოლსონარუ.
ლულამ, რომელიც წარსულში ერთხელ უკვე იყო ბრაზილიის პრეზიდენტი, არჩევნებში საერთო ხმების 48 პროცენტის მოპოვება შეძლო და 5 პროცენტით აჯობა მის უშუალო კონკურენტს – ბოლსონარუს, რომელმაც მხოლოდ 43 პროცენტის მოპოვება შეძლო.
არჩევნების შედეგებით ორივე მხარეს შეუძლია თავი წარმატებულად წარმოაჩინოს.
ლულას შემთხვევაში ეს ნიშნავს პოლიტიკაში წარმატებით დაბრუნებას, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ვადის შემდეგ კორუფციის ბრალდებით ციხეში აღმოჩნდა.
მეორე მხრივ, ბოლსონარუ, რომელიც გამოკითხვების შედეგებით პირველივე ტურში უნდა დამარცხებულიყო, მეორე ტურში ხმების მობილიზების იმედით ბრძოლას აგრძელებს.
ბოლსონარუ კონსერვატორი პოლიტიკოსია, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, მხარს უჭერს ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახს, თავისუფალ ბაზარს, ამაზონის ტყეების ათვისებას, ებრძვის კრიმინალს და ნარკოტიკებს.
მეორე მხრივ, ლულა მხარს უჭერს ამაზონის ტყეების დაცვას, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების რეალიზებას, გენდერულ და რასობრივ თანასწორობას და ეკონომიკაში სოციალური პოლიტიკების განხორციელებას.