ახალი ამბები

ჩხოროწყუს საკრებულოში გახარიას პარტიის წევრებმა არ დაუჭირეს მხარი „ოცნების“ კანდიდატს

16 დეკემბერი, 2021 • 3582
ჩხოროწყუს საკრებულოში გახარიას პარტიის წევრებმა არ დაუჭირეს მხარი „ოცნების“ კანდიდატს

16 დეკემბერს ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომაზე კვლავ, – უკვე მესამედ, – ვერ მოხერხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

ჩხოროწყუს 2021 წლის მოწვევის საკრებულოში სულ 27 წევრია. არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 12 წევრი ჰყავს, ენმ-ს – 7, გახარიას – 7, „ლელოს“ კი – 1.

16 დეკემბერის სხდომაზე ყველა პარტიის წარმომადგენელი მივიდა, მათ შორის ენმ-ის წევრებიც, რათა კვორუმი შემდგარიყო, თუმცა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა ენმ-ის წევრებს არ მიუღიათ. იგივე გადაწყვეტილება მიიღო „ლელოს“ წარმომადგენელმა.

შესაბამიასდ, კენჭისყრაზე მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას პარტიის წევრები იმყოფებოდნენ.

მონაწილეობა მიიღო 19-მა ადამიანმა – 12-მა ქართული ოცნებიდან, 7-მა გახარიას პარტიიდან.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ 12 ხმა მიიღო, ხოლო 7 ბიულეტენი გაბათილდა.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 14 ხმა არის საჭირო.

გახარიას პარტიის წევრები ამბობენ, რომ შესვენების შემდეგ თავიანთ კანდიდატს დააყენებენ თავმჯდომარის პოსტზე.


ერთი კვირის წინ, 9 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ და გახარიას პარტიამ წარადგინეს.

„ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა ჯუმბერ იზორია, პოლიციის ყოფილი უფროსი და ყოფილი პარლამენტარი, გახარიას პარტიამ კი – შოთა წურწუმია, მაჟორიტარი დეპუტატი.

„ოცნების“ კანდიდატმა წინა კენჭისყრაზეც მიიღო პარტიის 13 ხმა, თუმცა უცნობი იყო, „ოცნების“ გარდა, სხვა რომელი პარტიიდან მიიღო ხმა. გახარიას პარტია ენმ-ს ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებასთან“ „კოლაბორაციაში“.

ნახეთ დეტალურად, როგორ განვითარდა წინა კენჭისყრაზე მოვლენები:

მასალების გადაბეჭდვის წესი