ახალი ამბები

რეფორმებს განა იმიტომ ვატარებდით, რომ EU გვთხოვდა? ჩვენთვისვე იყო საჭირო — ესტონეთის პრემიერი

15 დეკემბერი, 2021 • 1253
რეფორმებს განა იმიტომ ვატარებდით, რომ EU გვთხოვდა? ჩვენთვისვე იყო საჭირო — ესტონეთის პრემიერი

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას, კაია კალასს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა მხარდაჭერა მოლდოვის, საქართველოს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზისადმი და შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მოქმედებების გამო.

„მიგვაჩნია, რომ რუსეთს სიტყვა არ ეთქმის შემდეგ საკითხებზე: როგორ დაიცავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის საზღვრებს, ან ვის აქვს ევროკავშირში ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უფლება. ძალიან მყარად ვდგავართ ამ საკითხთან დაკავშირებით. ვისაც სწრაფად მოქმედება სურს, უნდა ჰქონდეს ამის უფლება.

თუმცა, ამავდროულად, ეს დათქმა ქვეყნებში რეფორმების განხორციელებასაც გულისხმობს. მე ესტონეთიდან გახლავართ და ეს გზა გამოვლილი გვაქვს. ამას განა იმიტომ ვაკეთებდით, რომ ევროკავშირი გვთხოვდა? ეს ჩვენივე ქვეყნისთვის იყო საჭირო.

ჩვენი სასამართლო სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს, სამართლის უზენაესობის პრინციპი დამკვიდრებული უნდა იყოს, რათა ინვესტორებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ნდობა გამოუცხადონ; არც ოპოზიცია უნდა იყოს შევიწროებული და ზოგადად, დემოკრატია უნდა მუშაობდეს“, — განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

კაია კალასმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილა დემოკრატიული პრინციპების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა, ასევე, ევროპული უსაფრთხოება და სახელმწიფოების უფლება, თავად გააკეთონ არჩევანი საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა კაია კალასს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოს-თან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კაია კალასთან. განვიხილეთ ინოვაციის, ციფრული ტექნოლოგიების, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების სხვადასხვა განზომილება“, — წერს ღარიბაშვილი Twitter-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი