ახალი ამბები

DRI: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება

15 დეკემბერი, 2021 • 978
DRI: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” [DRI] აცხადებს, რომ “TV პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიება უსაფუძვლოდ გაჭიანურდა. ამასთან, DRI-ის შეფასებით, გამოძიება არის არაეფექტური და გაუმჭვირვალე. DRI მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეს გარემოება სახელმწიფოს მხრიდან ხელის დაფარების მცდელობა იყოს 5 ივლისს მედიაზე მოძალადეებსა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისთვის. ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” გავრცელებულ განცხადებაში წერს.

ორგანიზაციის განცხადებით, ლაშქარავას გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ საზოგადოებას კიდევ არ აქვს ინფორმაცია 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიაზე თავდასხმის შედეგად მიყენებულ მძიმე ფიზიკურ დაზიანებებსა და გარდაცვალების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს შორის. კერძოდ, ამ დრომდე არ არის ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საბოლოო შედეგები. ამასთან, არ ვრცელდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასა და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შესახებ.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პოზიციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება მოძალადეებისთვის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისათვის ხელის დაფარების მცდელობად შეიძლება იყოს განხილული. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულია საქმის არსებითი განხილვა ისე, რომ არ დადგენილა 5 ივლისის ძალადობასა და 11 ივლისის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი.

საქმის არსებითი განხილვისას შეუძლებელია ბრალის დამძიმება. შესაბამისად, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ მიღებულ დაზიანებებსა და 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემა ამ შედეგისათვის პროცესუალურად გამოირიცხება, ხოლო მათი განმეორებითი მსჯავრდება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისათვის, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ და სხვა საგამოძიებო ორგანოებმა, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირებულობა საქმის მიმდინარეობის შესახებ”, – აცხადებს DRI.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.

მანამდე, 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა მასზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.

TV პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების უშუალო მიზეზი ჯერაც დაუზუსტებელია – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ დასრულებულა.

ამ ფონზე სახელმწიფოს მხრიდან მისი სიკვდილის „შესაძლო“ მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირების დასახელება კი, შესაძლოა, მის დისკრედიტაციას ისახავდეს მიზნად – სახეზე იყოს „რეპუტაციული მკვლელობა“, რაც ცნობილი მეთოდია პოლიტიკური თუ სხვა სახის მიზნების მისაღწევად.

შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი