ახალი ამბები

არჩევანს არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი – ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრობაზე

14 დეკემბერი, 2021 • 2003
არჩევანს არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი – ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრობაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თერგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძეს მხარს დაუჭერდა.

ასე გამოეხმაურა ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძე და ექიმი ლევან რატიანი განიხილებიან. ცერცვაძის თქმით, რატიანსა და თალაკვაძეს შორის არჩევანს თალაკვაძეზე შეაჩერებდა.

„ორივე შესანიშნავი კანდიდატურაა, რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როცა ვთქვი, რომ ის მზად არ არის, ვიგულისხმე, რომ რომ ის არის ძალიან კარგი ექიმი და დღეს ქვეყანას ის სჭირდება იქ, სადაც არის[…] მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, გავაკეთებდი არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ. იმიტომ, რომ არჩილს ბევრი ღირსება აქვს. ბევრი ინსტანცია აქვს გამოვლილი, ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში ხელმძღვანელ სამუშაოებზე. ის კარგად ფლობს მედიცინაში თანამედროვე მიმართულებებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბრის საღამოს გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტიკარაძე სამინისტროში წლის ბოლომდე დარჩება. რაც შეეხება მის შემცვლელებს, მედიაში აქტიურად ორი კანდიდატი განიხილება. მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე ღარიბაშვილის პირველი პრემიერობისას და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი