კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.
გუშინ, 2021 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა დაჩქარებული წესით განიხილოს “ქართული ოცნების” წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამის თაობაზე. ცვლილებები შეეხება რამდენიმე სამართლებრივ აქტს, მათ შორის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონს.
კოალიციის განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების მატარებელია და საგანგაშოა ის გარემოებაც, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული.
მათი თქმით, არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას და ამიტომ, ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენლია.
კოალიციის შეფასებით, განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არგუმენტაცია უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია. მათი თქმით, კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან არ ირკვევა საკანონმდებლო პაკეტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაშიც კი, 2022 წლის მარტიდან ამოქმედდება. აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობს და პარლამენტის რეალური მიზანი სრულყოფილი და პროფესიული განხილვების თავიდან აცილებაა“, – აცხადებს კოალიცია.
მათივე შეფასებით, კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები.
„კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ერთ დღეში მისი ორი მოსმენით მიღება გამორიცხავს სრულფასოვან საპარლამენტო განხილვას, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენას და კანონპროექტის დახვეწას. აღნიშნული პროცედურები პრინციპულად მნიშვნელოვანია ინიციატივებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების გამოწვევა შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტისა და მედიასექტორისთვის“, – აცხადებს კოალიცია.
13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.
კერძოდ, სრულად იკძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება), 25 წლამდე პირებისთვის თამაში, ხოლო ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.
ცვლილებების შედეგად, ჯამში, თამაში, მთავრობის თანახმად, 1 მლნ-მდე ადამიანს აეკრძალება.
ამის მიუხედავად, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები არ შემცირდება.
საგადასახადო ცვლილებები, თუკი დამტკიცდა, 1 იანვრიდან შედის ძალაში.
კანონპროექტთა პაკეტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ვინ და როგორ დაისჯება აზარტული თამაშების რეგულაციების დარღვევისთვის – კანონპროექტი