ახალი ამბები

არც ვითხოვ შეწყალებას და არც ამ[სამი პრეზიდენტის] შეხვედრაზე ვაპირებ მოვითხოვო – სააკაშვილი ზურაბიშვილს

11 დეკემბერი, 2021 •
არც ვითხოვ შეწყალებას და არც ამ[სამი პრეზიდენტის] შეხვედრაზე ვაპირებ მოვითხოვო – სააკაშვილი ზურაბიშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას არ ითხოვს.

სააკაშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მეოთხე გიორგი მარგველაშვილთან ერთად გორის ჰოსპიტალში შეხვედრას სთავაზობს, ამბობს, რომ ის შეწყალებას არც ამ შეხვედრაზე მოითხოვს.

„არ შემიძლია არ გავიხსენო, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მედიით გაჟღერებული წინადადება სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ იდეას სათანადო განვითარება ექნება და ამისთვის ყველაზე რელევანტურ და ყველა მხარისთვის სანდო ფიგურად სწორედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიმაჩნია. როგორც უკანონო პატიმარს, არ მაქვს ილუზია, რომ ამ შეხვედრის მოტივით გათავისუფლებული ვიქნები.

ამიტომაც, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჯერჯერობით პატიმრის სტატუსით ვიმყოფები და არც ვითხოვ თქვენგან შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე ვაპირებ ამის მოთხოვნას“, – აცხადებს სააკაშვილი.

დღეს, 11 დეკმბერს, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას  ინკლუზიური პროცესის დაწყებაზე წერილით უპასუხა და მას დიალოგის დასაწყებად პირველი შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილთან ერთად შესთავაზა.

როგორც სააკაშვილი წერს , დიალოგის დასაწყებად საჭიროა ყველანი მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ და ამისთვის საუკეთესო ფორმატად  ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელს ასახელებს, სადაც  სამართლის და შერიგების კომისია შეიქმნა. როგორც სააკაშვილი ამბობს,  ასეთი სახის დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

მან პირობა დადო, რომ წამოიწყებს „ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

გთავაზობთ სამი პრეზიდენტის შეხვედრას გორის სამხედრო ჰოსპიტალში – სააკაშვილი ზურაბიშვილს

„პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს“ — პრეზიდენტის სიტყვა დემოკრატიის სამიტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი