საზოგადოება

გთავაზობთ სამი პრეზიდენტის შეხვედრას გორის სამხედრო ჰოსპიტალში – სააკაშვილი ზურაბიშვილს

11 დეკემბერი, 2021 • 4174
გთავაზობთ სამი პრეზიდენტის შეხვედრას გორის სამხედრო ჰოსპიტალში – სააკაშვილი ზურაბიშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას  ინკლუზიური პროცესის დაწყებაზე და მას დიალოგის დასაწყებად პირველ შეხვედრას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად სთავაზობს.

ამის შესახებ სააკაშვილის წერილშია საუბარი.

მისი თქმით, ის ზურაბიშვილისგან არ ითხოვს შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე აპირებს ამის მოთხოვნას.

როგორც სააკაშვილი წერს , დიალოგის დასაწყებად საჭიროა ყველანი მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ და ამისთვის საუკეთესო ფორმატად  ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელს ასახელებს, სადაც  სამართლის და შერიგების კომისია შეიქმნა.

„თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების თანდასწრებით კი არ საუბრობს, არამედ ცცდა ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე.

არ შემიძლია არ გავიხსენო, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მედიით გაჟღერებული წინადადება სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ იდეას სათანადო განვითარება ექნება და ამისთვის ყველაზე რელევანტურ და ყველა მხარისთვის სანდო ფიგურად სწორედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიმაჩნია.

როგორც უკანონო პატიმარს, არ მაქვს ილუზია, რომ ამ შეხვედრის მოტივით გათავისუფლებული ვიქნები. ამიტომაც, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჯერჯერობით პატიმრის სტატუსით ვიმყოფები და არც ვითხოვ თქვენგან შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე ვაპირებ ამის მოთხოვნას“, – აცხადებს სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი ამბობს,  ასეთი სახის დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს.

„ყველანაირი მცდელობა, უმცირესობის მიერ უმრავლესობის დაჩაგვრისა,რა მილიარდებით და სადამსჯელო რაზმებითაც არ უნდა იყოს ეს უმცირესობა აღჭურვილი, ატარებს სამოქალაქო დაპირისპირების უზარმაზარ საფრთხეს, და, გამორიცხული არაა, მიზნადაც ისახავდეს სწორედ ამას. ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი ეს უმძიმესი შედეგი ყველა ქართველი პატრიოტისთვის კატასტროფაა, ხოლო ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთისთვის, ჩვენი სამშობლოს მომავლის ერთადერთი სასურველი განვითარებაა.

საქართველოს სჭირდება მშვიდობა, განვითარება და სრული გადატვირთვა. დრო ძალიან ცოტაა და არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება. ამიტომაც, მინდა ვთხოვო ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ რეკონსილიაციის პროცესს და ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფორმატს“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

მან პირობა დადო, რომ წამოიწყებს „ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

„პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს“ — პრეზიდენტის სიტყვა დემოკრატიის სამიტზე

შესაძლებელია თუ არა ინკლუზიური პროცესის დაწყება – პოლიტიკოსების პასუხი პრეზიდენტის ინიციატივაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი