ახალი ამბები

დეკანოზ ჭიღლაძეს სინოდურმა კომისიამ მღვდელმოქმედება აუკრძალა — საპატრიარქოს პრესსამსახური

10 დეკემბერი, 2021 • 2442
დეკანოზ ჭიღლაძეს სინოდურმა კომისიამ მღვდელმოქმედება აუკრძალა — საპატრიარქოს პრესსამსახური

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს სინოდური კომისიის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა განეჩინა. საპატრიარქოს პრესსამსახურმა შესაბამისი განცხადება 10 დეკემბერს გაავრცელა.

პრესსამსახურის მიხედვით, კომისიამ გადაწყვეტილება 30 ივლისს მიიღო და დეკანოზს “მიეცა დრო სინანულისთვის”, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის კი საკითხი წარედგინება წმინდა სინოდის სხდომას.

“როგორც ცნობილია, 2021 წლის 11 თებერვლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას.

ამა წლის 3 მარტს გამართულმა სინოდურმა კომისიამ მოისმინა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) პოზიცია დეკანოზ ილია ჭიღლაძის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე, მთავარეპისკოპოს ზენონს კომისიამ მიმართა თხოვნით, ახსნა-განმარტებისათვის გონივრულ ვადაში (კომისიის დასკვნიდან არაუგვიანეს სამი თვისა) უზრუნველეყო დეკანოზ ილია ჭიღლაძის გამოცხადება საქართველოს საპატრიარქოში სინოდური კომისიის წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ამა წლის 14 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ: ,,მიზანშეწონილი იქნებოდა, სინოდური კომისია დაუკავშირდეს უშუალოდ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და პირადად აცნობოს გამოძახებისა თუ სხვა ღონისძიებათა შესახებ“, რითაც მთავარეპისკოპოსმა ზენონმა თავი აარიდა სინოდური კომისიის ზემოაღნიშნულ თხოვნას.

ამის გათვალისწინებით, სინოდური კომისიის წევრების მხრიდან აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან, მთავარეპისკოპოს ზენონთან (იარაჯული) კომუნიკაციის შემდეგ, ამა წლის 25 ივნისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძე ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის სინოდურ კომისიაზე, რის შესახებაც მას გაეგზავნა შეტყობინება კომისიის სახელით. თუმცაღა, დეკანოზი ილია ჭიღლაძე არ გამოცხადდა მითითებულ ვადებში საქართველოს საპატრიარქოს სინოდურ კომისიაზე და არც რაიმე სახის განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ქმედებები 11 თებერვლის სინოდური განჩინების, ასევე 3 მარტისა და 25 ივნისის სინოდური კომისიის განჩინებების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი წარედგინება წმინდა სინოდის სხდომას”, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშული განცხადების შემდეგ საპატრიარქოს პრესსამსახურმა განმარტება გაავრცელა, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ სინოდური კომისიის ზემოხსენებული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინანდელია, თუმცა აქამდე არ გამოქვეყნებულა, “რადგან რჩებოდა იმედი, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის კომენტარები კორექტულ ფარგლებს დაუბრუნდებოდა”.

“უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, არც გამოქვეყნებულიყო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მისი გამონათქვამები კიდევ უფრო გამძაფრდა და მეტი შეკითხვა გააჩინა მორწმუნე საზოგადოებაში, თუ რატომ არ ხდებოდა მისი საკითხის განხილვა. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, გამოგვექვეყნებინა სინოდური კომისიის გადაწყვეტილება”, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

დეკანოზი ჭიღლაძე ხშირად აფიქსირებს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსგან განსხვავებულ პოზიციებს და არაერთგზის აკრიტიკებს აღნიშნულ ინსტიტუციას.

მაგალითად, მთავარეპისკოპოსის, იაკობის ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ ივანიშვილის დავალებით „მეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო,“, ჭიღლაძემ შოკის მომგვრელი უწოდა და თქვა: „დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი,“.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ასევე აკრიტიკებდა პანდემიის პირობებში 2020 წელს სააღდგომო წირვების ეკლესიაში ჩატარების გადაწყვეტილებას — „ჭეშმარიტი რწმენა და ღვთისმოსაობა ქვის ტაძრების გარეშეც აღესრულება “, –აცხადებდა ის.

“მოწოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ არის ბნელი, შავრაზმული პრიმიტივიზმი, ქვეყნის თალიბანიზაციის ცდა”, – ასე გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე მანამდე მოქალაქეთა, მათ შორის, სასულიერო პირთა განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ.

მიმდინარე წლის ივნისში, როცა საპატრიარქოსგან მიიღო წერილი, რომლითაც მოსთხოვეს, სინოდის წინაშე წარმდგარიყო, დეკანოზმა თქვა, რომ კრიტიკისთვის სჯიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი