“3+3 ფორმატად” ჩაფიქრებული რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველი სხდომა ხვალ, 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართება.
შეხვედრაში აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები მიიღებენ მონაწილეობას.
“ჩვენი [რეჯეფ ტაიფ ერდოღანის] და აზერბაიჯანის [ილჰამ ალიევი] პრეზიდენტების მიერ შემოთავაზებული რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა 3+3-ის პირველი სხდომა 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართება”, — განაცხადეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას არ განიხილავენ.
“საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და, შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი”, — აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
3+3 ფორმატის შესახებ
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იდეას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ასევე, განაცხადა, რომ “მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას”.
ერდოღანის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს,- საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.
საქართველომ, თავის მხრივ, რეგიონის ქვეყნებს დიალოგის პლატფორმად თბილისი შესთავაზა და თქვა, რომ უფრო ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება. ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე რუსეთთან ერთად, თუმცა “დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ წარმოდგენილი.
მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზალკალიანის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.