ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გზა სოხუმიდან სოხუმის თეატრამდე

7 დეკემბერი, 2021 • 1836
გზა სოხუმიდან სოხუმის თეატრამდე

გზა სოხუმიდან თბილისამდე 

ცოტა უცნაური დაბადების მქონდა იმ წელს. 27 სექტემბერს 9 წლის გავხდი. საღამოს უცნაურად და სხვანაირად განათდა ცა და მივხვდით, რომ ეს იყო საომარი მოქმედებების უკანასკნელი დღე სოხუმში.

მოგვკიდეს მშობლებმა ხელი და რაღაც გადაუხურავ სატვირთო მანქანაში ჩაგვსვეს. მამაჩემი არ წამოვიდა [იყო ასეთი ხალხიც, ვინც ფიქრობდა, რომ ყველაფერი ერთ-ორ დღეში დასრულდებოდა]. სვანეთის გზაზე ჩვენი მანქანა მალევე გაჩერდა, ვეღარ წავიდა. ორ თუ სამ დღეში მამაჩემიც წამოგვეწია. მერე ჩვენ, დედა, მამა, მე და ჩემი და და კიდევ რამდენიმე ათასი კაცი მოვდიოდით დაახლოებით ორი კვირა. 

ჩვენ გაგვიმართლა, რომ რამდენიმე დღით გვიან წავედით აფხაზეთიდან, ვიდრე სხვა დანარჩენები, რომელთაც სვანეთში დიდთოვლობის დროს მოუწიათ სიარული და რამდენიმე ადამიანი გზაში გაიყინა. 

9 წლის ბავშვისთვის მაშინ როგორ აღიქმებოდა რეალობა, არ ვიცი, მაგრამ მერე, დროსთან ერთად ვიაზრებდი, რა გამოვიარეთ. დაღუპულ ხალხს გვერდს ვუვლიდით გზაში. მახსოვს, ჩემ წინ გადავარდა ადამიანი. მაშინ მეგონა, უბრალოდ ცუდად გახდა. მოგვიანებით მითხრეს, რომ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. 

ნათლად მახსოვს ვერტმფრენიც, რომელმაც ტომრით პური ჩამოაგდო და დედაჩემს სხვებთან ბრძოლა მოუწია, რომ პური შეგვხვედროდა. 

თბილისში მანქანამ ორთაჭალაში ჩამოგვიყვანა. იქვე ახლოს დეიდაჩემი ცხოვრობდა და მასთან მივედით. გაოგნებული იყვნენ, ტირილი დაიწყეს. თურმე, უკვე გარდაცვლილები ვეგონეთ მთელი ოჯახი. დეიდაჩემმა მისი მეორე ბინა დაგვითმო და საბედნიეროდ, აღარ მოგვიწია სხვა დევნილებივით კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრება, თუმცა მაინც მძაფრად მახსოვს ჩვენი მისამართით ნათქვამი “ლტოლვილი”. ეს მაბრაზებდა, რადგან ლტოლვილები არ ვყოფილვართ ჩვენ. დღესაც მაბრაზებს ეგ ფრაზა და მივუთითებ ხოლმე ახლობლებსაც, რომ არ გამოიყენონ ეგ სიტყვა. 

სოხუმში ჩასასვლელად ემოციურად ჯერ მზად არ ვარ. ალბათ, ორ ან სამ წელში შევძლებ ამას. თუმცა, ვფიქრობ, რომ დიდი ხანი ვერც გავძლებ, ალბათ, მაქსიმუმ ორი დღე.  

სოხუმში, “ახალ რაიონში” გვქონდა ბინა. როგორც ვიცი, ვიღაც ცხოვრობს ახლა. სოფელ მერხეულში ჩვენი სახლი, ალბათ, ტყედ იქცა უკვე.

ბავშვობიდან ყველაზე ნათლად სოხუმში სანაყინე “პინგვინი”, სახაჭაპურე “ნართა” და ერთი საქანელა მახსოვს.

სადაც კი მიმუშავია დღემდე, ყველაფერი აფხაზეთთან და სოხუმთან არის კავშირში – ანსამბლი, აფხაზეთის კაპელა და  სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი, სადაც დღემდე ვმუშაობ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი