ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხელმიუწვდომელი ევროპული განათლება აფხაზებისთვის | ინტერვიუ ლიკა ღლონტთან

1 დეკემბერი, 2021 • 6154
ხელმიუწვდომელი ევროპული განათლება აფხაზებისთვის | ინტერვიუ ლიკა ღლონტთან

აფხაზი ახალგაზრდებისთვის ევროპული უმაღლესი განათლების ხელმიუწვდომლობა ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც აფხაზური მხარე, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორი, ქართული მხარის მიერ აფხაზეთის გარე სამყაროსთან ჰუმანიტარულ კონტაქტების შეზღუდვას უკავშირებს. აფხაზებისთვის ევროპის გახსნის საჭიროებაზე საუბრობენ, ასევე, საქართველოში კონფლიქტების ექსპერტებიც. რატომ რჩებიან ევროპული განათლების მიღმა აფხაზი სტუდენტები, ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთთან ლიკა ღლონტი, Erasmus+ [ევროკავშირის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამა] ეროვნული ოფისის კოორდინატორი საუბრობს. 

როგორც ვიცით, Erasmus+ უმაღლესი განათლების სფეროში აქტიურად მუშაობს, როგორც სტუდენტების სტიპენდიების მიმართულებით, ასევე უმაღლესი განათლების რეფორმის მხარდაჭერის კუთხით. გვითხარით, საქართველოში სტუდენტების რა რაოდენობა მონაწილეობს ყოველწლიურად ამ პროგრამებში და რატომ რჩებიან ახალგაზრდები საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან ამ პროგრამების მიღმა?

ამ პროგრამაში მონაწილე მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის სტიპენდიების რაოდენობით საქართველო მეექვსე ადგილზეა. თუმცა, თავიდან ძალიან დაბალი მაჩვენებლებით დავიწყეთ. მაგალითად, 2015 წელს საქართველოდან თუ 695 ადამიანი გადიდოდა, უკვე შარშან ეს ციფრი 1755 იყო. საერთო ჯამში, წლიური სტიპენდიები 3000-მდე მერყეობს. 

რაც შეეხება კონფლიქტურ რეგიონებს, დიახ, აფხაზები და ოსები ამ პროგრამების მიღმა რჩებიან და ამას, სამწუხაროდ, თავისი მიზეზები აქვს.

მოგეხსენებათ, ყველა დონორს საკუთარი მოთხოვნები აქვს. ერასმუსის შემთხვევაში, ძალიან მკაფიოდ არის განსზღვრული იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში, ცხადია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ შედის. 

გარდა ამისა, საქართველოდან მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც არიან სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული. ანუ, ამ შემთხვევაში, ეს პროგრამა მიბმულია უნივერსიტეტს. შესაბამისად, ჩვენ რომც დავარწმუნოთ იქითა მხარე იმაში, რომ მონაწილეობა მიიღონ, ცალკეული სტუდენტი მოკლევადიან გაცვლაში მაინც ვერ მიიღებს მონაწილეობას. უშუალოდ მისი უნივერსიტეტი უნდა მონაწილეობდეს პროგრამაში. 

ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ერთ და ორსემესტრიან სტუდენტურ გაცვლებზე. ამასთან, პროგრამაში მონაწილეობა, სტუდენტების გარდა, პროფესორებსაც და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეუძლიათ. 

როდესაც ჩვენ ამ თემაზე საუბარი დავიწყეთ აფხაზებთან, ზუსტად ამ ვარიანტს ვთავაზობდით – საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტის სახელით მიეღოთ მონაწილება, ფაქტიურად, სასტიკი უარი მივიღეთ. თეორიული თანხმობაც კი იმაზე, რომ ისინი რომელიღაც საერთაშორისო პროექტში დაფიქსირდებიან როგორც საქართველოს უნივერსიტეტი, გამორიცხული და მიუღებელია მათთვის. 

ანუ ამ საკითხებზე საუბარი მხარეებს შორის არსებობდა?

აქ უკვე მნიშვნელოვანია, ვის ველაპარაკებით ამ თემაზე. სამოქალაქო არაფორმალური შეხვედრების დროს აფხაზეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან იყო ამაზე საუბარი. თუმცა, ეს აფხაზეთში უფრო პოლიტიკური საკითხია და არა აკადემიური წრის გადასაწყვეტი. 

გარდა ამისა, აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთანაც გვქონია ამაზე საუბარი – მათთან, ვინც პერიოდულად თბილისში სამკურნალოდ ჩამოდის. გვეუბნებიან, რომ გამორიცხულია, რადგან ადგილობრივი უშიშროება ამას არ დაუშვებს.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, იქ საერთოდ კონტაქტების დონეზეც არაფერი ხდება. უბრალოდ, არავინაა, ვისაც შეიძლება ველაპარაკოთ მაინც. 

ასე რომ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ აფხაზეთზე, სადაც არის მხოლოდ ერთი, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, АГУ.

ამდენი ხნის განმავლობაში, ერთადერთი, რაც იქ მოვახერხეთ აფხაზური არასამთავრობოების დახმარებით, იყო ის, რომ  2017 წელს იქ ჩავიდა იტალიელი პროფესორი, რომელიც მაშინ ასწვლიდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში უნგრეთში. ეს კაცი ძალიან დაინტერესებული იყო აფხაზეთში ჩასვლით და ჩვენი ეგიდით და დახმარებით ჩავიდა სოხუმში, სადაც ადგილობრივ პროფესორებს ორდღიანი სემინარი ჩაუტარა ევროპაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესების, ბოლონიის პროცესის შესახებ. 

საოცარი ინფორმაციული შიმშილია აფხაზეთში. აკადემიურ სივრცეში აბსოლუტურად არანაირი ყურადღება არ აქვთ არც რუსი პარტნიორებისგან. არანაირი ინვესტიცია ამ მიმართულებით არ არსებობს. საუკეთესო სტუდენტები მიდიან რუსეთში, დანარჩენები კი ყველაფრის მიღმა რჩებიან. 

ძალიან გვინდოდა მსგავსი პრაქტიკის გამეორებაც. გვყავდა მეორე მსურველიც – ფრანგი პროფესორი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი. ამასთან, ჩვენი ინტერესი იყო, ეს კაცი ფიზიკურად ჩასულიყო სოხუმში, რადგან ვირტუალურ შეხვედრაზე უარი მივიღეთ აფხაზეთიდან.

არსებობდა კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაფინანსებული მშვიდობის კვლევების პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ილიას უნივერსიტეტი, თსუ, სოხუმისა და კავკასიის უნივერსიტეტები, ასევე, ირლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრიის უნივერსიტეტები. პროექტში კობერმის პროგრამის მეშვეობით შემოიყვანეს აფხაზი პარტნიორებიც, რომლებიც ჩაიყვანეს  ევროპაში, მაგრამ ეს აქტივობები არის ზღვაში წვეთი, რომელსაც არანაირი მდგარდი შედეგი არ მოჰყვება. 

ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტმა აფხაზმა ახალგაზრდამ განათლება მიიღოს დასავლეთში. რადგან, როდესაც შესაბამისი დრო დადგება, ჩვენ მეტ-ნაკლებად დასავლეთის გამოცდილების მქონე საკონტაქტო ხალხი გვყავდეს იქ.

იმ ბავშვებს, რომლებიც თავის დროზე რუსეთმა წაიყვანა და განათლება მისცა, გასაგებია, რა ტიპის ორიენტირები აქვთ. სწორედ ისინი არიან ამჟამად იქაურ სახელისუფლებო წრეებშიც. აქვე, საინტერესო საკვლევი მგონია ისიც, რომ ჩივნინგის პროგრამით აფხაზეთიდან წასული და დაბრუნებული ახალგაზრდებიდან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთი მუშაობს დღეს სამთავრობო სექტორში, ყველა არსამთავრობოშია. 

ასეთ ვითარებაში რა უნდა გაკეთდეს აქ?

ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ რამდენიმე აფხაზი სტუდენტი გაგვეშვა საქართველოს კვოტით გაცვლით პროგრამებში. გავიარეთ ძალიან რთული პროცესიც. სულ სამი სტუდენტი დაგვთანხმდა ამაზე. ისინი ჩავრიცხეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. თსუ-ს კვოტით უნდა წასულიყვნენ პოლონეთსა და გერმანიაში. ბოლო მომენტში ორმა სტუდენტმა უარი გვითხრა. მესამე კი ჩამოვიდა თბილისში, აიღო გერმანიის ვიზა და ზუსტად იმ პერიოდში დაწყო პანდემია და ჩაიკეტა ყველაფერი. 

მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მოიძებნოს იქ ადამიანი, ვისაც უღირს მთელი ამ პროცესის გავლა.  

სახელმწიფო დონეზე რისი გაკეთება არის შესაძლებელი, თუნდაც, საკანონმდებლო დონეზე?

ბევრი ვერაფერი. ყველაფერი მაინც აღიარება-არაღიარების საკითხზე გადის. ერთადერთი, რაც შეგვილია, ვუშუამდგომლოთ, ან არ შევუშლოთ ხელი იმას, რომ თუნდაც ჩივნინგის [ბრიტანულ პროგრამა ჩივნინგში აფხაზების მონაწილეობისთვის შეიქმნა პარამეტრი, სახელწოდებით “სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან”] მაგალითად, სხვა დონორმა ორგანიზაციებმა “სამხრეთ კავკასიის”  ფანჯრიდან თუნდაც მცირე კვოტები [იგივე საქართველოდან აიღონ ეს კვოტები] დაუშვან მათთვის.  

არსებობს კიდევ ერასმუსის სტიპენდია, რომელიც არ არის მიბმული უნივერსიტეტზე, და მხოლოდ მაგისტრატურაში სწავლას შეეხება. ოღონდ ამ შემთხვევაში სტუდენტი საერთო კონკურსში მონაწილეობს. აფხაზებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება რუსული პასპორტებით. მაგრამ აქ მეორე პრობლემა იჩენს თავს. იმის გამო, რომ აფხაზეთში ძალიან დაბალია აკადემიური მზაობა, ის ბავშვები კონკურენტუნარიანები ვერ იქნებიან საერთო კონკურსში გამარჯვებისთვის. მათი შანსები არის ძალიან დაბალი. 

სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის წინ ჩვენთან გაჩნდა იდეა, რომ მოსამზადებელი კურსები გაკეთებულიყო ასეთი აფხაზი სტუდენტებისთვის, იმისთვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანები გამხდარიყვნენ, თუმცა, შემდეგ დაფინანსების თემაზე “გავიჭედეთ”. 

მეორე, რისი გაკეთებაც შეიძლება სახელმწიფო დონეზე, ის არის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ უნდა ელაპარაკოს საერთაშორისო დონორებს, რომ დაუშვას კვოტა ამ ახალგაზრდებისთვის. თუმცა ამ შემთხვევაშიც ისმის კითხვა, შეძლებენ კი ეს სტუდენტები სწავლას მსოფლიო უნივერსიტეტებში, როგორია მათი აკადემური მზაობა, იციან კი ისე უცხოური ენა, რომ ისწავლონ? სწორედ ამ შესაძლო პრობლემებს ემსახურებოდა მოსამზადებელი კურსების იდეა.

მოგეხსენებათ, გვაქვს ასევე საქართველოს სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამა “განათლების საერთაშორისო ცენტრი” და სახელმწიფოს ნების შემთხვევაში, მასაც შეუძლია აფხაზების ჩართვა. თუმცა, მიიღებს კი ის აფხაზი საქართველოს სახელმწიფოს დაფინანსებას? რასაც კი მივადგებით, ყველგან ჩიხია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი