ახალი ამბები

მოსამართლეების მორიგი დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია – კოალიცია

2 დეკემბერი, 2021 • 939
მოსამართლეების მორიგი დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია – კოალიცია

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აცხადებს, რომ გაუმართლებელი და დამაზიანებელია პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კიდევ 4 მოსამართლის დანიშვნა.

კოალიციის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესები არსებითად პრობლემურია, რადგან არასაკმარისად არის დაზღვეული ამ პროცესზე შიდა და გარე გავლენების საფრთხეები.

„ამავდროულად, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე. შესაბამისად, ასეთ კონტექსტში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 4 მოსამართლით დაკომპლექტება კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემისადმი ისედაც დეფიციტურ ნდობას“, – წერია კოალიციის მიერ 2 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციების გაერთიანების თანახმად, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება, შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსი მანამ, სანამ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი ამ პროცესების სამართლიანად, პარტიული თუ კორპორატიული ინტერესებისგან თავისუფლად წარმართვა.

„აღსანიშნავია, რომ შერჩევა-დანიშვნის ხარვეზიანმა პროცედურებმა და მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ნების არარსებობამ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამყარებოდა ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს, თავისთავად შეამცირა სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინტერესი, ჩართულიყო კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესში. შედეგად, მიმდინარე წლის 25-26 ნოემბერს იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართული ინდივიდუალური გასაუბრებები ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩართულობის გარეშე წარიმართა. გასაუბრებების ასეთ კონტექსტში ჩატარება და კანდიდატების მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერა ჩრდილს აყენებს როგორც კონკრეტულად შერჩეულ მოსამართლეებს, ისე მთლიანად სასამართლო სისტემას. მსგავსი პროცესები კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების რეალური გაჯანსაღების პერსპექტივას და ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ“, – აცხადებს კოალიცია.

აღნიშნულ განცხადებაში კოალიციამ  ასევე ჩამოთვალა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა აღნიშნული კონკურსი „განსაკუთრებით პრობლემური“ იყო:

  1. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი ზოგად უნდობლობას ზრდიდა ის გარემოებაც, რომ ამ დრომდე საბჭოში არ არის დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებდა მოსამართლე წევრთა სრული დომინაციით, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა კორპორატივიზმის და კლანურობის აღქმებს;
  2. წარსული გამოცდილებების მსგავსად, კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით კანდიდატების შეფასების ნაცვლად, საბჭოში მიმდინარე პროცესი ტოვებდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას;
  3. საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები წარიმართა ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების დაბალი მონაწილეობით, რისი მიზეზიც იყო ზოგადი რწმენის არარსებობა, რომ საპარლამენტო მოსმენები კანდიდატების რეალური უპირატესობებისა თუ ნაკლოვანებების გამოვლენას, მათი პროფესიული კრიტერიუმებით შეფასებას ემსახურებოდა;
  4. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო ფაქტობრივად ერთპარტიულად და კვლავაც, მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნა არ ემყარებოდა ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს“.

პირველ დეკემბერს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნნენ:

  • გენადი მაკარიძე – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
  • თამარ ოქროპირიძე – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
  • ნინო სანდოძე – 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
  • თეა ძიმისტარაშვილი – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, ასევე გასაუბრებას არ დაესწრო სახალხო დამცველის წარმომადგენელიც. ამასთან, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავშეკავებას ითვალისწინებდა 19 აპრილის შეთანხმებაც


ამ თემაზე ასევე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი