ახალი ამბები

EEAS: მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლოსადმი ნდობისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის

2 დეკემბერი, 2021 • 1318
EEAS: მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლოსადმი ნდობისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) უზენაეს სასამართლოში კიდევ 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება სასამართლო რეფორმის ვალდებულებასა და 19 აპრილის შეთანხმებას.

მათი თქმით, ეს ქმნის სასამართლო დამოუკიდებლობისა და საქართველოს სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე მოხდა და არ შეესაბამება ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ  ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად  დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან  საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული, სასამართლო რეფორმის ჩათვლით“, — ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.


პირველ დეკემბერს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნნენ:

  • გენადი მაკარიძე – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
  • თამარ ოქროპირიძე – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
  • ნინო სანდოძე – 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
  • თეა ძიმისტარაშვილი – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, ასევე გასაუბრებას არ დაესწრო სახალხო დამცველის წარმომადგენელიც. ამასთან, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავშეკავებას ითვალისწინებდა 19 აპრილის შეთანხმებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი