ახალი ამბები

„ლექსო ლაშქარავას ხსოვნას“ – „სირცხვილიას“ ოფისთან მდუმარე აქცია გაიმართა

2 დეკემბერი, 2021 • 935
„ლექსო ლაშქარავას ხსოვნას“ – „სირცხვილიას“ ოფისთან მდუმარე აქცია გაიმართა

2 დეკემბერს, ლექსო ლაშქარავას დაბადების დღეს, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „სირცხვილიას“ ოფისთან, სადაც ლაშქარავას სცემეს,  მისი ფოტოები და სანთლები მიიტანეს და დაღუპული ოპერატორი გაიხსენეს.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი ტვ პირველთან საუბრისას ამბობს:

„ასეულობით აქცია მაქვს ჩატარებული, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აქციაა… მახსენდება, რომ მე ვიყავი ლექსოს ბოლო რესპონდენტი. მე ჩამწერა, კართან მივაცილე და უკვე ამორბოდნენ [თავდამსხმელები] კიბეებზე. ვუთხარი, არ გინდა-თქო, მითხრა, ნუ გეშინიაო, მე არაფერს არ მიზამენო… და დღემდე არცერთი რეალური თავდამსხმელი არ არის დაპატიმრებული“.

ლაშქარავა, რომელიც ტვ „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. 2 დეკემბერს 38 წლის გახდებოდა.

მანამდე, 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა მასზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.

ტვ პირველის ოპერატორის, ალექსსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების უშუალო მიზეზი ჯერაც დაუზუსტებელია – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ დასრულებულა.

ამ ფონზე სახელმწიფოს მხრიდან მისი სიკვდილის „შესაძლო“ მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირების დასახელება კი, შესაძლოა, მის დისკრედიტაციას ისახავდეს მიზნად – სახეზე იყოს „რეპუტაციული მკვლელობა“, რაც ცნობილი მეთოდია პოლიტიკური თუ სხვა სახის მიზნების მისაღწევად.

მასალების გადაბეჭდვის წესი