ახალი ამბები

თამლიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მან შიმშილობა გამოაცხადა

1 დეკემბერი, 2021 • 1243
თამლიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მან შიმშილობა გამოაცხადა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ბესიკ თამლიანი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და თქვა, რომ შიმშილობას იწყებს.

თამლიანის საქმეზე სასამართლო პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა.

ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის დამთავრების შემდეგ დააკავეს. აღნიშნულ აქციაზე პოლიციელებსა და ბესიკ თამლიანს შორის დაპირისპირება მოხდა. ბესიკ თამლიანი სასამართლოსთან მანდატურების კუთვნილ ჯიხურზე ავიდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით პლაკატი და უკრაინის დროშა გაშალა. სამოქალაქო ატივისტმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელს, რომელმაც მისი ჯიხურიდან ჩამოყვანა სცადა.

ბესიკ თამლიანს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი