საზოგადოება

ბესიკ თამლიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

26 აგვისტო, 2022 •
ბესიკ თამლიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

აქტივისტი ბესიკ თამლიანი, რომელიც 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სხვა პირებთან ერთად დააკავეს, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. როგორც „ნეტგაზეთს“ ბესიკ თამლიანის ადვოკატმა განუცხადა, ამოიწურა ის მაქსიმალური 9-თვიანი ვადა, რომელიც წინასწარი პატიმრობისთვის საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

თამლიანთან ერთად პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ მასთან ერთად დაკავებული სხვა პირებიც, მათ შორის ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი. წინასწარი პატიმრობა ყველა მათგანს 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

თავად ბესიკ თამლიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და გირაოს გადახდას არ აპირებს.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე.

პარალელურად, სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო დემონსტრაცია იმართებოდა მისი გათავისუფლების მოთხოვნით. აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული. აქციაზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ხეივანზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პარალელურად მიმდინარე დემონსტრაციის დროს 15 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

30 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აქციაზე დაკავებული ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

საქმის არსებითი განხილვა სექტემბერში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი