სამართალი

აქტივისტი ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს

30 ნოემბერი, 2021 • 2528
აქტივისტი ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს

ოპოზიციონერი აქტივისტი ბესიკი თამლიანი გუშინ, 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული. ეს გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/11/Untitled-design-32.jpg
ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე. ფოტო: ნინო ჩიჩუა, ნეტგაზეთი

ბესიკ თამლიანი რამდენიმეთვიანი წინასწარი პატიმრობიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. ის 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სამ პირთან ერთად იყო დაკავებული და ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზება, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გუშინ, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკაშვილის პროცესის პარალელურად მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. აქციაზე პოლიციამ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 15 პირი დააკავა. პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულებს შორისაა ოპოზიციონერი გიგი უგულავაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი