ახალი ამბები

“სიმართლის დადგენა მინდა” – თამლიანი ამნისტიას მხარს არ უჭერს

27 აპრილი, 2021 • 1021
“სიმართლის დადგენა მინდა” – თამლიანი ამნისტიას მხარს არ უჭერს

20 ივნისის საქმეზე ბრალდენული აქტივისტი, ბესიკ თამლიანი, ამბობს, რომ მას არ უნდა ამნისტიის კანონი, რომელიც საჯარო მოხელეებს გაათავისუფლებს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

„ეძებდნენ გამოსავალს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ ყოფილიყვნენ, კერძოდ, საუბარი იყო ნიკა მელიაზე. თუ არა გირაო, თუ არა ის, მოდით, ამნისტიის საფუძველზე მაინც გავათავისუფლოთ ეს კაციო. მაგრამ თავად ნიკა მელიამ თქვა, რომ ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, ჩემ გამო ჯალათები არათუ გასამართლდნენ, საერთოდ არც გამოიძიონ ეს საქმეო“, – აცხადებს ჟურნალისტებთან ბესიკ თამლიანი.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო დაგეგმილი, რასაც ასევე მოწმობდა პოლიციელების განსაკუთრებული აღჭურვილობა – „საცავიდან როდესაც გადის იაღარი, ეს ვერ მოხდება უფლებამოსილი ადამიანების ხელმოწერების გარეშე“. თამლიანი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისის საქმე ბოლომდე გამოიძიონ.

გამოძიების გარეშე კი პასუხისმგებელი პირების გათავისუფლება მისთვის მიუღებელია.

„ ჩემი პრინციპული საკითხია, უნდა გაირკვეს ყველაფერი და მერე ხალხმა გადაწყვიტოს… მე, დაზარალებულმა, ორჯერ დაკავებულმა – არ მინდა! მე სიმართლის დადგენა მინდა, თუნდაც, იმ ფასად, რომ იქნებ მე მართლა ვარ დამნაშავე, დამიმტკიცონ და ვიჯდები ციხეში.

მაგრამ ასე – გინდა თუ არა უნდა გამოგიშვა ციხიდანო – ეს საკუთარ თავზეა მორგებული. წინსწრებად იციან, რომ მუდმივი არავინაა მთავრობაში, მთავრობის ცვლილება ოდესმე მოხდება და რომ არ მოხდეს სამართლებრივი დევნა, მათი წინააღმდეგ, საკუთარ თავს უკეთებენ ამნისტიაც. ასევ თქვათ, ბალიშს იდებენ, მძიმედ რომ არ დავარდნენ“, – ამბობს თამლიანი.

დღეს, 27 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ. უნდა დაიწყოს მსჯელობა ამნისტიის კანონპროექტის შესახებ, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ყველა ბრალდებულის გათავისუფლებას ითვალისწინებს.


ბესიკ თამლიანი  რამდენიმეთვიანი წინასწარი პატიმრობიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა ის 20-21 ივნისის საქმეზე 4 ივლისს კიდევ სამ პირთან ერთად დააკავეს.

მას ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

20 ივნისზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, გახარიაა – თამლიანის სიტყვა აქციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი