ახალი ამბები

სასამართლოსთან აქციაზე მყოფი კიდევ 3 პირი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსით

1 დეკემბერი, 2021 • 1517
სასამართლოსთან აქციაზე მყოფი კიდევ 3 პირი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსით

შსს აცხადებს, რომ პირველ დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით, ბესიკ თამლიანის გარდა, 3 მოქალაქე დააკავეს.

რა მოხდა

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე.

პარალელურად, სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო დემონსტრაცია იმართებოდა მისი გათავისუფლების მოთხოვნით. აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

აქციაზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ხეივანზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პარალელურად მიმდინარე დემონსტრაციის დროს 15 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

30 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აქციაზე დაკავებული ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

ახალი ბრალდებები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერს, რომ ამ აქციასთან დაკავშირებით კიდევ 3 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობა და ძალადობა.

შსს-ს თანახმად, დაკავებულები არიან 55, 58 და 49 წლის პირები, ინიციალებით ე.ს, ლ.ს. და ს.გ.

მათ 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ვერსიით, 29 ნოემბრის აღნიშნულ აქციაზე „ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას – დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ“.

„ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – წერს შსს.

უწყების თანახმად, მასთან ერთად დაცვის ჯიხურზე მყოფი მეორე ბრალდებული (ინიციალებით ე.ს.) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს „სიმაღლიდან გადაგდების მიზნით ფიზიკურად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად განაგრძო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა“.

„ამავე ბრალდებით დაკავებულმა ლ.ს-მ და ს.გ-მ აქციის მსვლელობისას დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე“, – წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი მასალების შესწავლისა და ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1 დეკემბერს ე.ს. და ლ.ს. პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით იქნენ დაკავებული, ხოლო ს.გ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ახალციხეში დააკავეს“, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი