ახალი ამბები

ნატოს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში — ზალკალიანი

1 დეკემბერი, 2021 • 1657
ნატოს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში — ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, რიგაში გამართული ნატოს მინისტერიალზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს დაგეგმილ სამიტზე, რომელიც მადრიდში გაიმართება და 2030 წლის განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას განიხილავენ.

“დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია საქართველოსა და უკრაინის მიპატიჟება მადრიდის სამიტზე. ასევე, თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე ჩართულნი ვართ ნატო-ს ახალი სტრატეგიის შემუშავებაში, მიანიშნებს, რომ ჩვენი მონაწილეობა მომავალი წლის მადრიდის სამიტზე უაღრესად აქტუალურია. ახალი სტრატეგია იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა ნატოს ღია კარის პოლიტიკის განგრძობადობის და ამ თვალსაზრისითაც დღევანდელი საუბრები იყო ძალიან შედეგიანი”, — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, მნიშვნელობას და პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წარმოდგენილი იყო ნატო-ს შეფასების დოკუმენტი ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც საქართველოს აქვს უაღრესად პოზიტიური შეფასებები ნატოში ინტეგრაციის კუთხით. მისივე შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტის მიღება ადასტურებს, რომ საქართველო სწორ გზაზეა ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის წარმატებით შესრულებული.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს ის წინადადებები, რომელთაც საქართველო წარადგენს ნატოელი პარტნიორების წინაშე — ხედვები, თუ როგორ ხედავს საქართველო ნატოში გაწევრიანების უახლოეს სამოქმედო გეგმას და იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა იყოს გადადგმული საქართველოს მხრიდან. მისივე თქმით, საუბარი შეეხო იმ შემხვედრ ნაბიჯებსაც, რომელთა მოლოდინიც აქვს საქართველოს ნატოელი პარტნიორების მხრიდან.

“იყო უაღრესად პოზიტიური შეფასებები და, ბუნებრივია, დღევანდელი განხილვა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატო-ს 2022 წლის მადრიდის სამიტი იქნება შედეგიანი ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის გზაზე”, — განაცხადა ზალკალიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი