ახალი ამბები

“ომიკრონ” შტამი: მსოფლიო ახალი შეზღუდვებითა და უპასუხო კითხვებით

28 ნოემბერი, 2021 • 1181
“ომიკრონ” შტამი: მსოფლიო ახალი შეზღუდვებითა და უპასუხო კითხვებით

მეცნიერები, მთავრობები და მედიასაშუალებები COVID-19-ის ახალ,  მუტაციების “უკიდურესად დიდი რაოდენობის მატარებელ” შტამზე სულ რამდენიმე დღის წინ ალაპარაკდნენ, თუმცა ვითარება მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში სწრაფად იცვლება.

ვირუსი, თავდაპირველად, აფრიკის კონტინენტზე გამოავლინეს, შემდეგ კი ევროპის არაერთ სახელმწიფოში, ასევე, ისრაელსა და ავსტრალიაში დააფიქსირეს.

მონაცემების სიმცირიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერავინ ამბობს, რამდენად საშიშია “ომიკრონი”, თუმცა, ერთი მხრივ, ექსპერტთა შფოთის გამო და მეორე მხრივ, თავის დაზღვევის მიზნით, არაერთმა ქვეყანამ უკვე მიმართა პრევენციის დამატებით ზომებს.

ისრაელი უცხოელებისთვის საზღვარს კეტავს

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოვლენის შემდეგ, ყველაზე მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვა ისრაელმა დააწესა. მთავრობის ეს ნაბიჯი ქვეყანაში “ომიკრონ” შტამის მინიმუმ 1 შემთხვევის დაფიქსირებას მოჰყვა.

მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ისრაელში კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზეა პასუხისმგებელი, რეგულაციების გამკაცრებაზე შესათანხმებლად შაბათს შეიკრიბა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა “სწრაფი და მძლავრი” ზომების მიღების საჭიროებაზე ქვეყანაში ახალი შტამის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ისაუბრა.

ახალი შეზღუდვების ფარგლებში, რომლებიც 28 ნოემბრის ღამით შევიდა ძალაში, უცხოელებს ქვეყანაში შესვლა 2 კვირით აეკრძალებათ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელთათვისაც ისრაელის ხელისუფლების წინასწარი თანხმობა იქნება საჭირო.

ამასთან, ქვეყანა კარანტინის ზომებს ამკაცრებს თავისი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან. ისინი 3-დღიან კარანტინში უნდა დარჩნენ ნებისმიერ შემთხვევაში, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად.

ქაოსი ამსტერდამის აეროპორტში: ევროპა ახალი შტამის პირისპირ

27 ნოემბერს ამსტერდამის აეროპორტში შექმნილი ქაოსური ვითარება ევროპის კონტინენტზე “ომიკრონ” შტამის გამოჩენის შემდგომი შფოთის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება იყო.

ნიდერლანდებში სამხრეთ აფრიკიდან 2 რეისით ჩასულ 500-ზე მეტ მგზავრს საათების გატარება მოუწია ჯერ თვითმფრინავებში, შემდეგ კი გადატვირთულ ავტობუსებსა და მოსაცდელ ოთახებში.

“ომიკრონ” შტამი თავდაპირველად სწორედ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და მის მეზობელ ბოტსვანაში დააფიქსირეს. ახლა ეს რეგიონი მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვის ობიექტია.

სამხრეთ აფრიკიდან და მისი მოსაზღვრე ქვეყნებიდან ფრენები ნიდერლანდებმაც აკრძალა. შეზღუდვის ამოქმედებამდე, ხსენებული 2 თვითმფრინავით ბოლო რეისები შესრულდა.

ახალი, სპონტანურად ამოქმედებული რეგულაციის ფასი მგზავრებმა გადაიხადეს: ამერიკული New York Times-ის ჟურნალისტი, რომელიც ერთ-ერთ თვითმფრინავში იმყოფებოდა, წერდა, რომ თვითმფრინავებში მომლოდინეებს წყალსაც არ აწვდიდნენ.

ამჟამინდელი მოცემულობით, ხსენებული რეისების 61 მგზავრს დაუდასტურდა კორონავირუსი, საიდანაც მინიმუმ 13 შემთხვევაში ახალი, “ომიკრონის” შტამი გამოვლინდა. კვლევები გრძელდება.

სავაჭრო სივრცე ამსტერდამში, სადაც, კორონავირუსის გავრცელების ზრდასთან ერთად, რეგულაციები გამკაცრდა. ფოტო: EPA

ახალი შტამის შემხვევები ასევე გამოავლინეს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და იტალიაში.

ნიდერლანდებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ეპიდვითარება აქამდეც დამძიმებული იყო. ამ მოცემულობას “ომიკრონიც” დაემატა.

შედეგად, შეზღუდვები გამკაცრდა: ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, მინიმუმ მომდევნო 3 კვირის მანძილზე სტუმარ-მასპინძლობის დაწესებულებები და კულტურული სივრცეები – კაფეები, მუზეუმები თუ კინოთეატრები – 17:00 საათისთვის უნდა დაიხუროს.

შეზღუდვები დიდი ბრიტანეთშიც ამოქმედდა: ახალი შტამის გავრცელების პრევენციისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადე სავალდებულო ხდება, ქვეყანაში ჩასულ პირებს კი, სავარაუდოდ, PCR ტესტებს გაუკეთებენ.

სამხრეთ აფრიკელი ექიმი, რომელიც ახალი შტამის ადრეულ შემთხვევებს მკურნალობდა, ბრიტანეთის ამ ნაბიჯებს “არასაჭირო პანიკას” უწოდებს, აღნიშნავს რა, რომ მის მიერ ნანახი შემთხვევების სიმპტომები მეტად მსუბუქი იყო.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ჯანდცვის მინისტრს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას იცავს: მისი სიტყვებით, რეგულაციები ემსახურება იმ პროგრესის შენარჩუნებას, რომელსაც ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლაში მიაღწია და ასევე იმას, რომ ადამიანები ოჯახებთან ერთად, მშვიდად შეხვდნენ შობას.

“ეს სამხრეთ აფრიკის დასჯას ჰგავს”

ყველაზე მეტი შეზღუდვის ობიექტი ახლა აფრიკის სამხრეთი რეგიონია; კერძოდ, ის ქვეყნები – და მათი მეზობლები – სადაც ახალი შტამის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

ევროკავშირმა სამოგზაურო შეზღუდვა სამხრეთ აფრიკის 7 ქვეყნისთვის დააწესა. მათ შორისაა ბოტსვანა, ესვანტინი, ლესოთო, მოზამბიკი, ნამიბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ზიმბაბვე.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს სამხრეთ კორეამ და აშშ-მა, რომელთაც სიას მალავი დაამატეს, დიდმა ბრიტანეთმა კი ასეთივე შეზღუდვა ზამბიასა და ანგოლაზეც განავრცო.

ამ გადაწყვეტილებებს თან სდევს აფრიკის სახელმწიფოების წარმომადგენელთა საყვედურები და მინიშნება იმაზე, რომ მსგავსი შეზღუდვები კონტრპროდუქტიული იქნება.

“სამოგზაურო შეზღუდვების უკანასკნელი რაუნდი ჰგავს სამხრეთ აფრიკის დასჯას, მისი შესაძლებლობის გამო, დროულად აღმოეჩინა ახალი ვარიანტი. შესანიშნავი მეცნიერება უნდა იყოს ტაშის და არა დასჯის [ადრესატი]” – აღნიშნავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობა.

პოლიცია სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში ქვეითთა მოძრაობას აკონტროლებს. ფოტო: EPA (არქივიდან)

BBC-სთან საუბრისას, “აფრიკის კავშირის” ვაქცინებით უზრუნველყოფის ალიანსის თანათავმჯდომარე დასძენს, რომ ამ ვითარებაში დამნაშავენი განვითარებული ქვეყნები არიან:

“ახლა გარდაუვალი რამ ხდება და ეს არის შედეგი იმისა, რომ მსოფლიომ ვერ შეძლო, აეცრა [ადამიანები] სწრაფად და სამართლიანად.

ეს არის განვითარებული ქვეყნების მიერ ვაქცინების გადამალვის შედეგი და გულწრფელად რომ გითხრათ, ეს მიუღებელია.

აღნიშნული სამოგზაურო შეზღუდვები დაფუძნებულია პოლიტიკაზე და არა მეცნიერებაზე. რატომ ვკეტავთ აფრიკას, როცა ეს ვირუსი უკვე არსებობს სამ კონტინენტზე?” – დასძენს აიოადე ალაკია.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” განცხადებით, ჩანს, რომ ახალი შტამის შემთხვევები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყველა პროვინციაში იზრდება. ამ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 24%-ია სრულად აცრილი.

რა ვიცით ახალ შტამზე – მოკლედ

პანდემიის პირობებში ვირუსის ახალი შტამების წარმოქმნაში უჩვეულო არაფერია. თუმცა, ბევრია დამოკიდებული კონკრეტული შტამის რაგვარობასა და პრობლემურობაზე.

ჯანმოს თანახმად, “ომიკრონის”(B.1.1.529) შტამი, თავდაპირველად, 9 ნოემბერს შეგროვილ ნიმუშებს შორის გამოავლინეს. მიმდინარე კვირაში ახალი შტამი ამავე ორგანიზაციის მიერ შეფასდა ვარიანტად, რომელიც შეშფოთების საფუძველს იძლევა.

ყველაზე პრობლემური დეტალი, რომელმაც მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო, შტამში არსებული მუტაციების რაოდენობაა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეპიდემიოლოგიურ უწყებაში ამბობენ, რომ ახალ ვარიანტში, მთლიანობაში, დაფიქსირდა 50 მუტაცია, მათგან 30 – “საცეც ცილაზე”.

საცეცი ცილა (spike protein) ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ საცეცი ცილის მეშვეობით აღწევს.

საცეც ცილაში მომხდარ მუტაციას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ვირუსის გავრცელებისა და უჯრედის დაინფიცირების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამასთანავე, იმუნურ სისტემას ურთულებს ვირუსზე შეწინააღმდეგების შესაძლებლობას.

პირველადი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ “ომიკრონი” ადამიანის რეინფიცირების უფრო მაღალ რისკს შეიცავს. კითხვები ისმის იმაზეც, რამდენად იმოქმედებს ახალი შტამი არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე.

ამასთან, მუტაციების ფაქტორმა, თეორიულად, შესაძლოა, შტამის სწრაფ გავრცელებას შეუწყოს ხელი. პირველადი ცნობებით, ის ბევრად უფრო გადამდებია და ამაზე მიუთითებს მოკლე პერიოდში სამხრეთ აფრიკაში ვირუსით ინფიცირების სწრაფი ზრდა.

ფოტო: EPA

თუმცა, ამ და სხვა დეტალებზე დაზუსტებით საუბარი, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. მეცნიერებს მეტი მონაცემი და კვლევა სჭირდებათ, რათა, უპირველესად, დაადგინონ, რამდენად გადამდებია ახალი შტამი და იწვევს თუ არა ის იმაზე მძიმე გართულებებს, ვიდრე მისი წინამორბედი ვარიანტები.

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციაში BBC-ს უთხრეს, რომ ქვეყანაში ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევები მძიმე არ არის, თუმცა კვლევები ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა.

ახალ ვარიანტზე დისკუსიის გააქტიურებასთან ერთად სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად, რიგი სახელმწიფოების მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე.

ჯანდაცვის ხელისუფალთა ნაწილი აღნიშნავს, რომ სამოგზაურო აკრძალვები, ერთგვარად, დროის მოგების შესაძლებლობაა იქამდე, სანამ მეცნიერები დაადგენენ, კონკრეტულად რა სირთულის ფენომენთან გვაქვს საქმე.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 1 წლის წინ ე.წ. ბრიტანული შტამის აღმოცენების შემდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა ის დიდად ვერ შეაკავა, მეცნიერები ამბობენ, რომ ამჟამად მიღებული აკრძალვები საკმაოდ დაგვიანებულია.

ასევე მნიშვნელოვანია, რა ვიცით ვირუსის გავრცელების არეალზე და რა ხდება რეალურად. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ნიმუშები, რომელთა კვლევის შემდეგაც “ომიკრონი” გამოვლინდა, თითქმის ორი კვირის წინ აიღეს, მისი გავრცელების მასშტაბი, შესაძლოა, ოფიციალურად გამოვლენილზე დიდი იყოს.

“არსებობს იმის შანსი, რომ ის[ახალი შტამი] უკვე გლობალურადაა გავრცელებული, თუმცა ჩვენ ამის შესახებ ჯერ არ ვიცით”, – ციტირებს New York Times ენდრიუ პეკოსს, ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგს.

ომიკრონი — რამდენად საშიშია კოვიდის ახალი შტამი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი