ახალი ამბები

გამოვლინდა Covid-19-ის ახალი შტამი, რომელიც მუტაციათა დიდ რაოდენობას შეიცავს

25 ნოემბერი, 2021 •
გამოვლინდა Covid-19-ის ახალი შტამი, რომელიც მუტაციათა დიდ რაოდენობას შეიცავს

მეცნიერთა თქმით, გამოვლინდა Covid-19-ის ახალი შტამი, რომელიც მუტაციების “უკიდურესად დიდ რაოდენობას” შეიცავს. ეს გარემოება მკვლევართა ნაწილს აშფოთებს, ვინაიდან მუტაციების სიჭარბე, შესაძლოა, დაეხმაროს ვირუსს, მარტივად გადალახოს სხეულის თავდაცვითი მექანიზმები.

ახალი ვარიანტის — სახელწოდებით B.1.1.529 — ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მცირეა. ის თავდაპირველად აფრიკის სამხრეთში მდებარე პატარა სახელმწიფოში, ბოტსვანაში დააფიქსირეს.

ბოტსვანაში 3 შემთხვევაა აღრიცხული, მეზობელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კი — ექვსი. ახალი შტამის 1 შემთხვევა ასევე დაუდასტურდა ჰონგ-კონგში მყოფ პირს, რომელიც იქ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან იყო ჩასული.

ბრიტანული The Guardian-ის თანახმად, ახლად გამოვლენილი შტამის ე.წ. საცეც ცილაში 32 მუტაციაა.

საცეცი ცილა (spike protein) ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ საცეცი ცილის მეშვეობით აღწევს.

საცეც ცილაში მომხდარ მუტაციას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ვირუსის გავრცელებისა და უჯრედის დაინფიცირების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამასთანავე, იმუნურ სისტემას ურთულებს ვირუსზე შეწინააღმდეგების შესაძლებლობას.

სპეციალისტების განცხადებით, ახალი ვარიანტი, მისი საცეცი ცილის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებს. თუმცა, მონაცემების სიმწირიდან გამომდინარე, შტამის მახასიათებლებზე, მათ შორის გადადების მაჩვენებელზე, საუბარი უჭირთ.

The Guardian-ის მიხედვით, სამხრეთ აფრიკაში ზოგიერთი ვირუსოლოგი უკვე გამოხატავს შეშფოთებას, რაც დაკავშირებულია ამავე სახელმწიფოში, კერძოდ, გაუტენგის პროვინციაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან. სწორედ აღნიშნულ არეალში გამოვლინდა B.1.1.529-ის შემთხვევები.

Al-Jazeera ციტირებს პროფესორ ჰელენ რისს, ჯანმოს აფრიკის რეგიონული ოფისის იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის წევს , რომლის თქმითაც, ახალი ვარიანტი შემაშფოთებელია, თუმცა ადამიანები პანიკას არ უნდა აჰყვნენ.

“[ამჟამად] ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, რამდენად ფართოდ არის ეს[ახალი ვარიანტი] გავრცელებული… ბევრი სამუშაო იქნება იმის თაობაზე, არის თუ არა ის უფრო გადამდები, უკავშირდება თუ არა დაავადების სიმძიმეს და ხდის თუ არა ვაქცინებს ნაკლებად ეფექტურს”, — დასძინა მან.

დაკვირვებისა და ანალიზის საჭიროებაზე საუბრობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი ფრანსუა ბალუც.

“ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენად გადამდები შეიძლება იყოს [ახალი შტამი] ამ ეტაპზე. ამ დროისთვის ის უნდა იყოს ახლოდან დაკვირვებისა და ანალიზის საგანი, მაგრამ არ არსებობს მიზეზი ზედმეტი შეშფოთებისა, თუ არ დაიწყება მისი სიხშირის ზრდა უახლოეს მომავალში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი