ახალი ამბები

ახალი შტამის გამო, უცხოელებს ისრაელში შესვლა 2 კვირით აეკრძალებათ

28 ნოემბერი, 2021 • 1307
ახალი შტამის გამო, უცხოელებს ისრაელში შესვლა 2 კვირით აეკრძალებათ

ისრაელი უცხოელებისთვის სამოგზაურო შეზღუდვას აწესებს, რათა თავიდან აიცილოს COVID-19-ის ახალი შტამის გავრცელება. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ახალი შეზღუდვების ფარგლებში, რომლებიც, სავარაუდოდ, 28 ნოემბრის ღამით შევა ძალაში, უცხოელებს ისრაელში შესვლა 2 კვირით აეკრძალებათ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელთათვისაც ისრაელის ხელისუფლების წინასწარი თანხმობა იქნება საჭირო.

ამასთან, ქვეყანა კარანტინის ზომებს ამკაცრებს თავისი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან. ისინი 3-დღიან კარანტინში უნდა დარჩნენ ნებისმიერ შემთხვევაში, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად.

მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ისრაელში კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზეა პასუხისმგებელი, რეგულაციების გამკაცრებაზე შესათანხმებლად შაბათს შეიკრიბა. აღნიშნულს წინ უძღოდა “ომიკრონის” შტამის მინიმუმ 1 შემთხვევის დადასტურება ქვეყნის ტერიტორიაზე.

“ომიკრონის” ვარიანტი, რომელიც, ექსპერტთა შეფასებით, მუტაციათა შემაშფოთებელი რაოდენობით გამოირჩევა, თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და მის მეზობელ ბოტსვანაში დააფიქსირეს. ამის შემდეგ ის სხვა არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც გამოვლინდა.

ამ ფონზე, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ თავისი ტერიტორიიდან სამხრეთ აფრიკისაკენ მოგზაურობა აკრძალა.

ომიკრონი — რამდენად საშიშია კოვიდის ახალი შტამი

მასალების გადაბეჭდვის წესი