ახალი ამბები

ომიკრონი — რამდენად საშიშია კოვიდის ახალი შტამი

26 ნოემბერი, 2021 •
ომიკრონი — რამდენად საშიშია კოვიდის ახალი შტამი

„ბი-ბი-სის“ ცნობით, კორონავირუსის ახალ შტამს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, მრავალი მუტაცია აქვს. როგორც გამოცემა წერს, მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ამ დრომდე ცნობილი შტამებიდან ყველაზე ცუდია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მას უკვე დაარქვა ომიკრონი.

რა არის ცნობილი? (სპოილერი – ბევრი არაფერი)

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ომიკრონ შტამს უკვე უწოდა კორონავირუსის „შემაშფოთებელი ვარიანტი“. ამ ტერმინს იყენებენ მაშინ, როცა ვირუსის გავრცელების სისწრაფე შეიძლება იყოს მაღალი, ახასიათებდეს მაღალი ვირულენტობა (დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი) და ასევე, მოქმედებდეს ვაქცინების ეფექტიანობაზე;
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეპიდემიოლოგიური უწყების წარმომადგენლის, ტულიო დე ოლივიერას განცხადებით, ახალ ვარიანტში, მთლიანობაში, დაფიქსირდა 50 მუტაცია, მათგან 30 „სპაიკ-ცილაზე“. „სპაიკ-ცილა“ არის ერთგვარი საცეცები, რომელიც წარმოადგენს „გასაღებს“. ამ „გასაღებით“ ვირუსი ჩვენი უჯრედის „კარებს“ აღებს და აინფიცირებს მას;
  • თანამედროვე, არატრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინების სამიზნე სწორედ „სპაიკ-ცილაა“ და აქამდე არსებულ შტამებს „სპაიკ-ცილის“ გაუვნებელყოფით ებრძოდა.;
  • რეცეპტორების დამაკავშირებელ დომენში (ვირუსის ნაწილი, რომელიც უჯრედთან პირველად კონტრაქტს ამყარებს) დაფიქსირდა 10 მუტაცია. შედარებისთვის, „დელტა“ შტამის შემთხვევაში მხოლოდ ორ მუტაცია იყო დაფიქსირებული;
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონ შტამი პირველად აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაში, მაგრამ ის უკვე დააფიქსირეს ბელგიაში, ისრაელში, ჰონგ-კონგში, ბოტსვანაში. ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოების ნაწილმა შეწყვიტეს ავიამიმოსვლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან;
  • პირველადი ცნობებით, ახალი შტამი ბევრად უფრო გადამდებია და ამას მიუთითებს მოკლე პერიოდში სამხრეთ აფრიკაში ვირუსით ინფიცირების სწრაფი ზრდა, მაგრამ ჯერ არ არის საკმარისი სამეცნიერო მონაცემები, თუ რამდენად გადამდებია ვირუსი, რამდენად მაღალია ვირუსის ვირულენტობა და ასევე, რამდენად იცავს ვაქცინა ამ შტამით ინფიცირებისგან. მეცნიერები საბოლოოდ სწორედ ამ მონაცემების ანალიზის შედეგად ისაუბრებენ ვირუსის ძირითად მახასიათებლებზე;
  • კომპანია „ფაიზერმა“ თქვა, რომ ორ კვირაში ექნება მონაცემები, შეუძლია თუ არ მის მიერ წარმოებულ ვაქცინას ომიკრონ შტამთან გამკლავება.

არის თუ არა მუტაციები პრობლემა?

„ბი-ბი-სის“ ცნობით, მრავალი მუტაცია მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს – საჭიროა გვქონდეს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა ცვლილებებს ახდენენ ისინი.

თუმცა მუტაციამ შეიძლება პრობლემებიც გამოიწვიოს:

  • ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, განსხვავდება ვუჰანში ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოჩენილი შტამისგან. ამგვარად, ვაქცინები, რომლებიც იმ შტამის წინააღმდეგ შეიქმნა, შეიძლება იმდენად ეფექტური აღარ იყოს;
  • რიჩარდ ლესელსი, კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) პროფესორი აცხადებს, რომ ახალ შტამს, შესაძლოა, ადამიანიდან ადამიანისთვის უფრო მარტივად შეეძლოს გადაცემა, გაზრდილი ჰქონდეს გავრცელების სისწრაფე და შეეძლოს იმუნური სისტემისთვის გვერდის ავლა შეეძლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი