ახალი ამბები

“ომიკრონის” შტამი ნიდერლანდებშიც გამოვლინდა

28 ნოემბერი, 2021 • 1329
“ომიკრონის” შტამი ნიდერლანდებშიც გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შტამი ნიდერლანდებშიც გამოვლინდა. “ომიკრონის” ვარიანტის სულ მცირე 13 შემთხვევა იმ ადამიანებს შორის დააფიქსირეს, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქ ამსტერდამში სამხრეთ აფრიკიდან 2 სხვადასხვა რეისით ჩავიდნენ.

COVID-19 ზემოხსენებულ რეისებზე მყოფ 61 მგზავრს დაუდასტურდა. მათი უმეტესობა აეროპორტთან ახლომდებარე სასტუმროებში, იზოლაციაში იმყოფება. სპეციალისტები ტესტების ნიმუშების კვლევას განაგრძობენ.

“ომიკრონის” შტამი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და მის მეზობელ ბოტსვანაში დააფიქსირეს. ის ასევე გამოვლინდა ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, იტალიასა და ბელგიაში.

ახალი ვარიანტის მინიმუმ 1 შემთხვევა დაფიქსირდა ისრაელშიც, რის შემდეგაც ქვეყანამ უცხოელებისთვის საზღვარი დროებით ჩაკეტა.

“ომიკრონზე”, ჯერჯერობით, მწირი მონაცემები არსებობს. თუმცა არაერთი მეცნიერი მას უკვე განიხილავს შეშფოთების საფუძვლად, საცეც ცილაში არსებული დიდი ოდენობით მუტაციებიდან გამომდინარე, რამაც, თეორიულად, შესაძლოა, შტამის სწრაფ გავრცელებას შეუწყოს ხელი.

სპეციალისტების განცხადებით, ახალი ვარიანტი, საცეცი ცილის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებს. თუმცა, შტამის მახასიათებლებზე, მათ შორის გადადების მაჩვენებელზე, ამ ეტაპზე საუბარი უჭირთ.

სამხრეთ აფრიკასა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ დააწესა შეზღუდვები.

განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომაც, რომლის თანახმადაც, სამხრეთ აფრიკიდან და კიდევ 7 ქვეყნიდან შემომსვლელმა ნებისმიერმა პირმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

ომიკრონი — რამდენად საშიშია კოვიდის ახალი შტამი

მასალების გადაბეჭდვის წესი