ახალი ამბები

კორონავირუსის ახალი შტამი ბელგიაშიც დაფიქსირდა

26 ნოემბერი, 2021 • 1896
კორონავირუსის ახალი შტამი ბელგიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც მუტაციების “უკიდურესად დიდ რაოდენობას” შეიცავს, ბელგიაშიც დაფიქსირდა. ვირუსის ეს მუტაცია თავდაპირველად აფრიკის სამხრეთში მდებარე პატარა სახელმწიფოში, ბოტსვანაში გამოავლინეს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რისკების თავიდან ასაცილებლად ქვეყნებს მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე კვირა დასჭირდება იმის დადგენას, თუ რამდენად გავრცელებადია (როგორია რეპროდუქციის მაჩვენებელი) და რამდენად ეფექტურია ვაქცინა კორონავირუსის ამ შტამის წინააღმდეგ.

ახალი ვარიანტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ინგლისმა, ინდოეთმა, იაპონიამ, იტალიამ, გერმანიამ, ისრაელმა, სინგაპურმა, ფილიპინებმა, ესპანეთმა და ჩეხეთმა აფრიკის ქვეყნებთან ფრენები შეწყვიტეს.

ბრიტანული The Guardian-ის თანახმად, ახლად გამოვლენილი შტამის ე.წ. საცეც (Spike) ცილაში 32 მუტაციაა. ეს გარემოება მკვლევართა ნაწილს აშფოთებს, ვინაიდან მუტაციების სიჭარბე, შესაძლოა, დაეხმაროს ვირუსს, მარტივად გადალახოს სხეულის თავდაცვითი მექანიზმები.

ახალი ვარიანტის — სახელწოდებით B.1.1.529 — ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მცირეა. ის თავდაპირველად აფრიკის სამხრეთში მდებარე პატარა სახელმწიფოში, ბოტსვანაში დააფიქსირეს. ბოტსვანაში 3 შემთხვევაა აღრიცხული, მეზობელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კი — ექვსი. ახალი შტამის 1 შემთხვევა ასევე დაუდასტურდა ჰონგ-კონგში მყოფ პირს, რომელიც იქ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან იყო ჩასული.

საცეცი ცილა (spike protein) ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ საცეცი ცილის მეშვეობით აღწევს.

საცეც ცილაში მომხდარ მუტაციას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ვირუსის გავრცელებისა და უჯრედის დაინფიცირების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამასთანავე, იმუნურ სისტემას ურთულებს ვირუსზე შეწინააღმდეგების შესაძლებლობას.

სპეციალისტების განცხადებით, ახალი ვარიანტი, მისი საცეცი ცილის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებს. თუმცა, მონაცემების სიმწირიდან გამომდინარე, შტამის მახასიათებლებზე, მათ შორის გადადების მაჩვენებელზე, საუბარი უჭირთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი