ახალი ამბები

რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტიის დაფუძნებაზე განაცხადი დაახარვეზა

26 ნოემბერი, 2021 • 8322
რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტიის დაფუძნებაზე განაცხადი დაახარვეზა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა ბიურომ ხარვეზი დაადგინა „ალტ-ინფოს“ პარტიის (სახელწოდებით „კონსერვატიული მოძრაობა“) რეგისტრაციის პროცესში.

გადაწყვეტილებაში რეესტრი მიუთითებს, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია ხარვეზს შეიცავს. კერძოდ, ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას.

ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, წესდებას ხელი უნდა მოაწეროს ყრილობის ყველა წევრმა, თუმცა სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე აწერს ხელს. გარდა ამისა, პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ. სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებულია არაერთგვაროვნად.

ამასთან, რეესტრი განმარტავს, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას.

  • „სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად წესდების 6.4, 6.6, 6.7, 12.1.6 მუხლებში.
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების 10.3 მუხლი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას.
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს.
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების 16.3. მუხლის მიხედვით, „პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს პოლიტიკური საბჭოს მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთი წევრი.“ ამავე წესდების 17.5 მუხლის მიხედვით, „პარტიის გენერალური მდივანი ასრულებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას პარტიის თავმჯდომარის არყოფნის და/ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.“ წესდების 16.3. და 17.5. მუხლები ურთიერთშეუსაბამოა.

გამომდინარე ზემოაღნიშნული ხარვეზებიდან, რეესტრი აცხადებს, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს და შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება.

პოლიტიკურ მოძრაობას ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10-დღიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც დოკუმენტაციას რეესტრი ხელახლა განიხილავს.

„კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ-ინფომ“ პარტია დააფუძნა

მასალების გადაბეჭდვის წესი