ახალი ამბები

ზუგდიდის ძველმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

26 ნოემბერი, 2021 • 1318
ზუგდიდის ძველმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძველმა საკრებულომ, რომელსაც რამდენიმე დღეში გასდის უფლებამოსილების ვადა, 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა.

26 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა პროტესტის ფონზე გაიმართა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის ზომად 47 მილიონ 200 ათასი ლარი განისაზღვრა.

ამასთან, სხდომაზე ცვლილებები შეიტანეს საკრებულოსა და მერის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2017 წლის 14 ნოემბრის #5-#6 დადგენილებებში.

დღეს რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის (ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ბათუმი და ა.შ.) ძველი მოწვევის საკრებულო, – რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში გასდის, – მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე მოიწვია.

შესაბამისად, 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილება 3 დეკემბერს შეუწყდება. მანამდე მათმა ნაწილმა მოასწრო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, „ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

თუმცა, ორგანიზაცია „დროას“ მონაცემებით, წინა წლებში ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის თვეში ხდებოდა ხოლმე. კერძოდ, ბათუმის საკრებულოს მაგალითზე:

„2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ბათუმის საკრებულომ 2018 წლის 27 დეკემბერს მიიღო, 2020 წლის ბიუჯეტი – 2019 წლის 25 დეკემბერს, ხოლო წლევანდელი, 2021 წლის, ბიუჯეტი – 2020 წლის 21 დეკემბერს“.

ვრცლად გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი