საზოგადოება

ბათუმის და ზუგდიდის ძველი საკრებულოები ახალ ბიუჯეტს პროტესტის ფონზე ამტკიცებენ

26 ნოემბერი, 2021 • 9779
ბათუმის და ზუგდიდის ძველი საკრებულოები ახალ ბიუჯეტს პროტესტის ფონზე ამტკიცებენ

ბათუმისა და ზუგდიდის გადარჩეული საკრებულოები მომავალი წლის ბიუჯეტს დღეს ამტკიცებენ.

ორივე საკრებულოს შენობასთან მობილიზებულია პოლიცია და მსურველებს არ ეძლევათ 11:00 საათზე ჩანიშნულ სხდომას დაესწრონ. საკრებულოებში შესვლა შეძლო ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის, ანი წითლიძემ.

“ქართული ოცნება” ცდილობს, გადაარჩინოს ე.წ. არჩეული მერი, რომლის იმპიჩმენტი ჩვენ შეგვიძლია, თუკი არ დავამტკიცებთ ბიუჯეტს”, — განაცხადა ზუგდიდის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” მაია კალანდიამ.

ზუგდიდის საკრებულოსთან ენმ  საპროტესტო აქციას მართავს. ადგილზე მიტანილია ბანერები, წარწერით: “გადარჩეულია”, “ბიუჯეტი დაუგეგმეთ ნახვაწას”. საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატების თქმით, მათ ჯერ კიდევ გუშინ წერილით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს და მიიღეს ნებართვა სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს შენობაში არ უშვებენ.

მოქალაქეებს არ უშვებენ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებადაც. როგორც ძველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ განაცხადა, კოვიდრეგულაციების გამო დამატებით ვერ ხერხდება სხდომაზე დასწრების მსურველთა დაშვება.

ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც ახლად არჩეული საკრებულოები ოპოზიციურია, ძველმა საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაჩქარებულად განიხილეს და დღევანდელ სხდომაზე ამტკიცებენ. ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილების ვადა ახალი საკრებულოს შეკრებისთანავე უწყდება. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს. ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნების მეორე ტურის შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამეს. შესაბამისად, ახალი საკრებულოები არაუგვიანეს 13 დეკემბრისა უნდა შეიკრიბოს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ახალი საკრებულოების პირველი სხდომების თარიღზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს, თუმცა ძველი საკრებულოების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის ნაჩქარევად დამტკიცების მცდელობისა და ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, ცესკოს ახალი საკრებულოების პირველი სხდომები ამ დრომდე არ მოუწვევია.

გადარჩეული საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ — რატომ?

მასალების გადაბეჭდვის წესი