საზოგადოება

ზუგდიდის საკრებულოს სხდომიდან გააძევეს წითლიძე და სხვა ოპოზიციონერები

26 ნოემბერი, 2021 •
ზუგდიდის საკრებულოს სხდომიდან გააძევეს წითლიძე და სხვა ოპოზიციონერები

ზუგდიდის საკრებულოს სხდომიდან, სადაც წინა მოწვევის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს პროტესტის ფონზე განიხილავს, ოპოზიციონერები გააძევეს.

გაძევებულთა შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა წითლიძე.

ადგილობრივი მედია „ათინათის“ ცნობით, სხდომა, სადაც ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, ოპოზიციის გარეშე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების დასწრებით დაიწყო.

დღეს რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის (ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ბათუმი) ძველი მოწვევის საკრებულო, – რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში გასდის, – მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებს.

ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. იქვე იმართება საპროტესტო აქცია.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, გადაარჩინოს ე.წ. არჩეული მერი, რომლის იმპიჩმენტი ჩვენ შეგვიძლია, თუკი არ დავამტკიცებთ ბიუჯეტს“, — განაცხადა ზუგდიდის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაია კალანდიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი