ახალი ამბები

ცესკომ ახალი საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს მოიწვია

26 ნოემბერი, 2021 • 1231
ცესკომ ახალი საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს მოიწვია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე მოიწვია.

შესაბამისად, 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილება 3 დეკემბერს შეუწყდება. მანამდე მათმა ნაწილმა მოასწრო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

მუნიციპალიტეტებში, სადაც “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა, ძველმა საკრებულოებმა დაჩქარებული წესით განიხილეს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს ბათუმის და ზუგდიდის საკრებულოებში. ასევე, დღეს იგეგმება ძველი შემადგენლობის მიერ ახალი ბიუჯეტის დამტკიცება სენაკის, მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილების ვადა ახალი საკრებულოს შეკრებისთანავე უწყდება. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს. ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნების მეორე ტურის შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამეს. შესაბამისად, ცესკოს უფლებამოსილება ჰქონდა, ახალი საკრებულოების სხდომები 13 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში მოეწვია.

გადარჩეული საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ — რატომ?

მასალების გადაბეჭდვის წესი