ახალი ამბები

„ალტ-ინფოს“ პარტია ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მოვითხოვ მის გაუქმებას – ნაცვლიშვილი

20 ნოემბერი, 2021 • 3164
„ალტ-ინფოს“ პარტია ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მოვითხოვ მის გაუქმებას – ნაცვლიშვილი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გეგმავს, კოლეგებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსთხოვოს „ალტ-ინფოს“ ახლადშექმნილი პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმება.

„ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს“, – წერს პარლამენტარი ფეისბუკზე.

„მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას“, – წერს იგი.

ამასთან, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს, რომ კონსტიტუციის მიხედვით აღნიშნული პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:

ა. პრეზიდენტს;
ბ. მთავრობას;
გ. 30 დეპუტატს;

„ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა… ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება“, – წერს ომბუდსმენის გიორგი ბურჯანაძე.


„ალტ-ინფომ“ დააფუძნა პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „კონსერვატიული მოძრაობა“.

პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, სხვა ლიდერები კი იქნებიან კოკა მორგოშია, ირაკლი მარტინენკო, გიორგი ქარდავა და სხვები. სარევიზიო კომისიის წევრად დაასახელეს ერთ-ერთი წამყვანი, ემრე ქუჩუკი.

ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“.

პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, წერეთლის გამზირზე, „ექსპო-ჯორჯიას“ ერთ-ერთ პავილიონში გაიმართა.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

ტვ „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

გასულ წელს „ფეისბუკმა“ კოორდინებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო „ალტ-ინფოსთან“. უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების მიზეზით, კომუნიკაციის კომისიამ მიმდინარე წლის აპრილში “ალტ-ინფო” 2 500 ლარით დააჯარიმა.

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი