ახალი ამბები

„ალტ-ინფოს“ ტესტი — რით უნდა ვუპასუხოთ ტელევიზიით დაანონსებულ ძალადობას?

19 ივლისი, 2021 • 3816
„ალტ-ინფოს“ ტესტი — რით უნდა ვუპასუხოთ ტელევიზიით დაანონსებულ ძალადობას?

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ჩაშლისა და ჟურნალისტებზე ძალადობის ავანგარდში იყვნენ მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები. ამის გამო საზოგადოების ნაწილში დაიწყო დისკუსია „ალტ-ინფოს“ მაუწყებლობის აკრძალვის შესახებ, ასევე, საკაბელო ტელევიზიებს — მაგთიკომს და ახალ ქსელებს — სთხოვენ, ამოიღონ „ალტ-ინფო“ სამომხმარებლო პაკეტიდან.

რა ხდება მაშინ, როცა მედიასაშუალებიდან ძალადობრივი მოწოდებები ისმის? სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის და ამ უკანასკნელის დამტკიცების შემთხვევაში, უნდა დადგეს პერსონალური თუ მაუწყებლის პასუხისმგებლობაც?

„ალტ-ინფო“ და დაანონსებული ძალადობის ქრონიკა

„ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“. გასულ წელს „ფეისბუკმა“ კოორდინებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო „ალტ-ინფოსთან“. უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების მიზეზით, კომუნიკაციის კომისიამ მიმდინარე წლის აპრილში “ალტ-ინფო” 2 500 ლარით დააჯარიმა. ორგანიზაცია „მედიის უფლებები” შენიშნავს, რომ “ალტ-ინფოს” შინაარსში დარღვევა (ბავშვთა მიმართ ძალადობის დადებით კონტექსტში საუბარი), როგორც გადაცდომა, კომუნიკაციების კომისიამ მხოლოდ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ შეამჩნია.

„ალტ-ინფოდან“ დაანონსდა, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით ღირსების მარშის ჩაშლა და დაიგეგმა შეკრება.

„5 ივლისის ის კი არ წყდება, 10 ავადმყოფი ქუჩაში გაივლის თუ არა,  5 ივლისს წყდება, ამ ქვეყანაში ვისი წესები მოქმედებს — მოღალატე პოლიტიკური პარტიების, ენჯეოების, მედიასაშუალებების და, რაც მთავარია, მათი უცხოელი პატრონების, თუ ჩვენი. ისინი ჩვენ მოძალადეებს გვეძახიან და დიახ, მე ვარ მოძალადე. მე შემიძლია და ვაპირებ, საკუთარი ღირებულებების, მათ შორის, ძალით დაცვას. თუ ჩემი შვილი ამათი შექმნილი ჯოჯოხეთის პირობებში უნდა გაიზარდოს, მე მზადა ვარ, ძალით ვიმოქმედო ამის წინააღმდეგ. 5 ივლისს, დილის ათი სათიდან, მე და ჩემი ძმები გავალთ და დავდგებით 9 აპრილის ბაღში, იქიდან ავიღებთ მთლიანად რუსთაველს და ვაჩვენებთ, ვისი ქვეყანაა საქართველო. ჩემს ფეხებს ჩაატარებენ ეგენი გარყვნილების აღლუმს”, — აცხადებდა ზურა მახარაძე ვიდეომიმართვაში.

“ალტ-ინფოს” დამფუძნებლებმა, ასევე, გააფრთხილეს საკუთარი მომხრეები, რომ თუ “უცბად ვიღაცამ რაღაც ვერ მოითმინოს”, მოძალადეებს არ გაემიჯნონ.

“500-600 კაცი გამოვეყოთ მასას, არ ავირიოთ და დავიძრათ “სირცხვილიას” ოფისისკენ” — კონსტანტინე მორგოშიას ამ მიმართვით დაიწყო უშუალოდ “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმის ორგანიზება, სადაც სცემეს “ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას.

„ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე ჩანს კადრებში და ინსტრუქციებს გასცემს კარვების დარბევისას, რაც მინიმუმ სხვისი ქონების დაზიანებას წარმოადგენს, ისევე, როგორც ევროკავშირის დროშის ჩამოხევისას.

“ალტ-ინფოს” დამფუძნებლებმა მუქარები გააგრძელეს 5-6 ივლისის შემდეგაც: “ორშაბათი და სამშაბათი მოგეჩვენებათ ბავშვის თამაშად”.

ამ და სხვა არაერთი ჩანაწერის მიუხედავად, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებზე არ გასულა, მე-11 დღეს გაჩხრიკა სახლები და გამოკითხა “ალტ-ინფოს” დამფუძნებლები, თუმცა მათი ბრალეულობა ამ დრომდე ვერ/არ გამოუკვეთია.

დავა კომუნიკაციების კომისიაში

იმ ფონზე, როცა მოქალაქეთა ნაწილი „ახალი ქსელებისა“ და „მაგთისგან“ „ალტ ინფოს“ ქსელიდან ამოღებას ითხოვს, თავად მაუწყებელი „სილქნეტის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დავობს. მაუწყებლობის დაწყების შემდეგ “ალტ ინფომ” მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ კომპანიებს თხოვნით მიმართა, განეთავსებინათ სამაუწყებლო არხი მათ სამომხმარებლო პაკეტში. “ახალი ქსელებისა” და “მაგთიკომის” მიერ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო “სილქნეტმა” “ალტ ინფო” საკუთარ პაკეტში არ განათავსა, რის შემდეგაც ამ უკანაკსნელმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.

5-6 ივლისს, “თბილისი პრაიდის” ღონისძიების ჩაშლის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა გამოხატა “სილქნეტის” მიმართ და “ალტ-ინფოს” ამოღება მოითხოვა “ახალი ქსელებისა” და “მაგთიკომის” სამომხარებლო პაკეტიდანაც. საკითხი უნდა განხილულიყო კომუნიკაციების კომისიის 15 ივლისის სხდომაზე, თუმცა საკითხის განხილვა ორი კვირით გადაიდო.

”სილქნეტი” მზადყოფნას გამოთქვამს, ტექნიკური პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში “ალტ ინფო” განათავსოს მისი სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში. “ალტ ინფოს” მიაჩნია, რომ “სილქნეტის” მიერ დარღვეულია  „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონი, რომელიც ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ავალდებულებს, უზრუნველყოს მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება. სავალდებულო ტრანზიტის (MUST CARRY) რეგულაცია 2012 წლის მონაპოვარია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომელსაც „ალტ ინფო“ აკრიტიკებს.

„საქართველოს კანონმდებლობა არ აკისრებს პასუხისმგებლობას საკაბელო ოპერატორებს პროგრამის შინაარსზე. სავალდებულო ან ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მაუწყებლობის ტრანზიტი უცვლელი სახით განახორციელოს”, — ამბობს ნათია კაპანაძე, “მედიის უფლებების” ხელმძღვანელი და “მედიის ადვოკატირებისთვის” კოალიციის კოორდინატორი.

ის განმარტავს, რომ სავალდებულო ტრანზიტის  საკითხი მოწესრიგებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 40 პრიმა მუხლით. ახალი რეგულაცია 2012 წლიდან სიხშირული ან თანამგზავრული მაუწყებებელს აძლევს შესაძლებლობას, ფასიანი ოპერატორების მიერ საერთო მაუწყებლის სამაუწყებლო პაკეტში განთავსდეს. კაპანაძის განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი ან სხვების მაუწყებლობებით უკვე შევსებული აქვს, სამაუწყებლო პაკეტში განთავსების უარის თქმა კანონთან შესაბამისია და ეს მოცემულობა ათავისუფლებს ოპერატორს რომელიმე არხის გავრცელების ვალდებულებისაგან.

„სიხშირული მაუწყებელი “ალტ-ინფო” რეგიონული მუქსებში ჩართვის შემდეგ გახდა. რეგიონული მაუწყებლებმა ეს დაშვება კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე გააკეთეს, რადგან თავისუფალი სიხშირული რესურსის არსებობის შემთხვევაში, ისინი ვალდებული არიან ნებისმიერი მაუწყებელი დაუშვან საკუთარ ქსელში. გარდა ტექნიკური საკითხებისა, თუ ტრანზიტის განმახორციელებელ პირს მიაჩნია, რომ მისი სამაუწყებლო პაკეტით სარგებლობა ატარებს დანაშაულის ნიშნებს, უფლებამოსილია მიმართოს კომუნიკაციების კომისიას სათანადო რეაგირებისათვის. თეორიულად ეს შესაძლებელია. ცხადია, „მაგთის“ აქვს არჩევანი, საჯარო გამოხმაურებების ფონზე ამგვარად მოიქცეს”, — ამბობს ნათია კაპანაძე.

მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციებს შორისაა: ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ნათია კაპანაძის თქმით, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ორგანიზაციამ „მედიის უფლებები“, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას აკვირდება, მარეგულირებელ კომისიას მიმართა „ალტ-ინფოს“ საქმიანობასთან დაკავშირებით  შემდეგი შეკითხვებით და სთხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდება:

  1. როგორ ასრულებს შპს „ალტ ინფოს“ ავტორიზაციის პირობებსა და მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის პირობებს?
  2. შეისწავლეთ თუ არა შპს „ალტ ინფოს“ შესაბამისობის დეკლარაცია?
  3. შეისწავლეთ თუ არა შპს „ალტ ინფოს“ დაფინანსების წყაროები?
  4. შეაფასა თუ არა კომუნიკაციების კომისიამ შპს “ალტ ინფოს” სამაუწყებლო კონცეფციის შესრულება?
  5. არსებობს თუ არა შპს „ალტ ინფოს“ მონიტორინგის ფარგლებში მომზადებული შიდასამსახურეობრივი ბარათები?
  6. გთხოვთ, მომაწოდოთ დაფუძნებიდან დღემდე შპს „ალტ ინფოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია;
  7. გთხოვთ, მომაწოდოთ დაფუძნებიდან დღემდე შპს „ალტ ინფოსთვის“ გაგზავნილი კორესპონდენციის ასლები.

კომუნიკაციების კომისიის შუალედური პასუხის თანახმად, კომისიის მოსაზრებები 10 დღეში გახდება ცნობილი. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, “მედიის უფლებები” პასუხებს გაასაჯაროებს.

„ალტ-ინფოს“ ტესტი

„მედიის უფლებების“ ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ „ალტ-ინფოს საქმე“ არის კიდევ ერთი ტესტი ქართული დემოკრატიისთვის. მისი თქმით, შინაარსთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება არის საზოგადოების, კომუნიკაციების კომისიის და საგამოძიებო უწყებების პასუხისმგებლობა.

“რიგ შემთხვევაში, შესაძლებელია დარღვევის თვითრეგულირების მექანიზმის ან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ჩართვით კორექცია, თუმცა კანონით დადგენილია შეზღუდვები და სისხლსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ გამოხატვის თავისუფლება გადაიზრდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად საჯაროდ მოწოდებაში… ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა ისწავლოს, თუ როგორ გაარჩიოს ერთმანეთისაგან სიტყვის თავისუფლება და სისხლის სამართლის დანაშაული.

სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს დასაბუთებული და სათანადოდ არგუმენტირებული. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ცნობილია, რომ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები მედიაზე მასშტაბური თავდასხმაში მონაწილეობდნენ და ამართლებენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანებას, ხელს უწყობდნენ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციას, ამასთანავე, აკეთებენ ახალი დანაშაულების ჩადენისაკენ საჯაროდ მოწოდებას. ამ კონკრეტული ძალადობრივი მოწოდებების შეჩერებით არ უნდა შეიქმნას გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის პრეცედენტი“, — ამბობს იგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ძალადობრივი ქმედებისკნენ საჯარო მოწოდება, ისევე როგორც მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისკენ, ისჯება. ეს უკანასკნელი, ჩადენილი საინფორმაციო საშუალებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ხოლო რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ხოლო იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

კითხვაზე, არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძველი „ალტ-ინფოს“ აკრძალვის ან მისი კონტენტის რეგულირების და რა ფორმით, ნათია კაპანაძე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლზე, რომლითაც ზემოაღნიშნული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

ნათია კაპანაძის თქმით, ძალადობრივი ქმედებებისაკენ საჯაროდ მოწოდებისას პასუხისმგებლობა შედგება ორი ნაწილისაგან: ერთი, ეს არის ფიზიკური პირების პასუხისმგებლობა , მეორე კი- ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან მისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს სახელმწიფომ შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი. მედიაზე მასშტაბური თავდასხმის და სამსახურეობრივი მოვალეობისას დაზიანებული ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ საგამოძიებო უწყებების და კომუნიკაციების კომისიის პასუხისმგებლობა გაასმაგდა. ისინი ვალდებული არიან მიიღონ პრევენციული ზომები დისკრიმინაციის და დევნის ფაქტების შესაჩერებლად, ახალი დანაშაულების თავიდან ასარიდებლად”, — ამბობს კაპანაძე.

მაუწყებლობის შესახებ კანონი ითვალისწინებს პროგრამული შეზღუდვებს, რომლის თანახამადაც, იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რამე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

„ამგვარი დარღვევების შესაჩერებლად, როგორც ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება მოხდეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს შექმნა ეთიკური გადაცდომაა, მედიაზე მასშტაბური თავდასხმის, უკვე დამდგარი დანაშაულებრივი შედეგების ფონზე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება კი დანაშულის ნიშნებს შეიცავს“, — განმარტავს კაპანაძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, რომელსაც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Article 19-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მიიჩნევს, რომ „ალტ-ინფოს“ „კანონით ჩაჩეხვა” ძირს გამოუთხრის გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.

“ყოველთვის უნდა დადგეს პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი იმ ხალხის, ვინც მოუწოდებს ძალადობისკენ, მიუხედავად იმისა, ასეთი ძალადობის ორგანიზებისთვის სატელევიზიო ეთერს იყენებს, ნაბეჭდ ფურცელს იყენებს თუ ქუჩაში ზეპირ მიმართვას. შეიძლება სოციალურ ქსელშიც გაავრცელოს, ხომ?! ამიტომ ისტერიკა, რაც შეიქმნა “ალტ ინფოს” აკრძალვის მოთხოვნით, ვფიქრობ, გაუაზრებელია და მე ამაში ვხედავ საფრთხეს, პირველ რიგში, იმ მედიისთვის, ვისაც დღეს კიდევ შეუძლია თავისუფლებების, ღირებულებების დაცვა, დემოკრატიული ოპოზიციისთვის სივრცის მიცემა.

თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯს და ამ ერთ მაუწყებლობას (რომელსაც, ალბათ, გაცილებით მეტი უსმენს “ფეისბუქით”, ვიდრე სიხშირეზე), აკრძალავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგი იქნება კრიტიკული ტელევიზიების მიმართ გადადგმული ნაბიჯები. საფუძველს ყოველთვის მოძებნიან”, — ამბობს მელაძე.

მისი თქმით, მედიის თავისუფლების და მედიიდან მომავალ საფრთხეს შორის ბალანსის მოსაძებნად გამოსავალია ინდივიდუალური სანქციები.

“ეს ადამიანები [დამფუძნებლები] უნდა დაისაჯონ. პრობლემა არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ეს ზიზღი არა მარტო ილაპარაკონ, არამედ წავიდნენ და მერე ეს ყველაფერი რეალურად გააკეთონ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვლაპარაკობთ მთავრობაზე, რომელმაც სიძულვილის, ზიზღის, ქუჩის დაპირისპირებების წახალისება აქცია თავის პოლიტიკად და ახლა წარმოიდგინეთ აბსურდი, ამ მთავრობისგან ელოდებიან ნორმალურ პოლიტიკას მედიასთან მიმართებაში”, — აცხადებს მელაძე.

ამ პოზიციას იზიარებს დავით ზურაბიშვილიც, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი. მისივე შეფასებით, მედიასაშუალების აკრძალვის მოთხოვნა გადაცემების შინაარსის გამო არის “პრინციპულად არასწორი”.

“შეიძლება ითქვას, სამმაგად არასწორიც, რადგან აქ არის სამი ასპექტი, ფილოსოფიური, სამართლებრივი და პოლიტიკური. ზოგადფილოსოფიურად რომ შევხედოთ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არის მარტო იმისთვის, რომ ვისმინოთ და ვუყუროთ იმას, რაც ჩვენ გვსიამოვნებს. პირიქით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს უპირველეს ყოვლისა იმას, რომ მინიმუმ ავიტანოთ ისეთი აზრების საჯაროდ გამოთქმა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. იმ მოტივით, რომ ვიღაც ახდენს ჩვენთვის მიუღებელი შეხედულების ტირაჟირებას, მედიასაშუალების აკრძალვა დაუშვებელია” ,— ამბობს ზურაბიშვილი.

რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუკი ეს მედიასაშუალება მოუწოდებს ხალხს ძალადობისკენ და მეტიც, მისი მესვეურები და წამყვანები გვევლინებიან ძალადობის ორგანიზატორებად, როგორც ეს იყო 5 ივლისს? — ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გადავდივართ უკვე საკითხის სამართლებრივ ასპექტზე. სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ძალიან კონკრეტულ სასჯელებს იმ პირებზე, რომლებიც ახდენენ ძალადობის პროპაგანდას, მათ შორის, მასმედიის გამოყენებით, მაგრამ ეს ვრცელდება ადამიანებზე და არა საკუთრივ მედიაზე”, — მიიჩნევს ზურაბიშვილი.

როგორც ის აცხადებს, მედიის დახურვა და მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა გადაცემების შინაარსის გამო არ უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება  ხელისუფლების მიერ კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის  და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ხელისუფლება გვეყოლება.

“ყველა ხელისუფლება მიდრეკილია კრიტიკის იგნორირებისკენ. ასე რომ, „ალტ-ინფოს“ შემთხვევაში, ვფიქრობ, მის დახურვას კი არ უნდა ვითხოვდეთ, არამედ მისი მესვეურების და წამყვანი სახეების პასუხისგებაში მიცემას”, — აცხადებს ზურაბიშვილი.

მისი აზრით, სჯობს, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვდეს და თავის დროზე დიდი შრომის შედეგად მოპოვებული “მასთ ქერი” და “მასთ ოფერი”, ანუ სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს მედიისთვის თავისუფალი სივრცე, ეჭვქვეშ არ დააყენოს.

16 ივლისს მედიის წარომადგენლებმა პროკურატურაში წერილი შეიტანეს. ისინი ირაკლი შოთაძეს სთხოვენ, დაიწყოს გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარება მედიასაშუალება “ალტ-ინფოს” ეთერში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცახდებებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის პირდაპირ მოწოდებების ფაქტზე.

განცხადებაზე ხელმომწერებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ალტ-ინფო“ ფინანსდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საკითხითაც და არ უნდა დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გატარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი