პაატა სალიას 15 ივლისის ბრძანებით, ქსნის №15 პენიტენციური დაწესებულებაში მსჯავრდადებულთა განთავსების ლიმიტი მნიშვნელოვნად, 15.56%-ით გაიზარდა.

ამიერიდან ციხეს უფლება აქვს 1604 პატიმარი მიიღოს.

ახალი ლიმიტთ დაწესებულებაში 216-ით მეტი პატიმრის განთავსებაა შესაძლებელი.

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძემ „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ლიმიტის ზრდა თეორიულად შეიძლება გამოეწვია რომელიმე ფლიგელის გარემონტებას, ამორტიზებული ფლიგელის ექსპლუატაციაში შესვლას, თუმცა ასევე გამორიცხული არაა, რომ ეს ყველაფერი საკნებში პატიმრების დამატების ხარჯზეც მომხდარიყო.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეა და რა თქმა უნდა, თეორიულად შეიძლება რაღაც გაზრდის შესაძლებლობა არსებობდეს, მაგრამ ამის მიღმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტექსტის თვალსაზრისით ვიცოდეთ, არის, რომ ეს არის ნახევრად ღია ციხე. ასეთი ციხე გვაქვს კიდე ორი, ეს არის გეგუთის №14 და რუსთავის №17.

ჩვენ, გაეროს წამების საწინააღმდეგო ქვეკომიტეტი და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ციხეებში არის კრიმინალური სუბკულტურა, ანუ ციხეებს მართავენ ე.წ. მაყურებლები და ეს გულისხმობს იმას, რომ აქედან ციხის პირობებზე რაიმე საჩივარი არ გამოდის“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შესული საჩივრებისა და განცხადებების მხოლოდ 1% მოდის ამ ციხეებზე მაშინ, როცა პატიმრების პოპულაციის თითქმის ნახევარი ამ დაწესებულებებში ცხოვრობს. ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ ციხეებში „ხელოვნური სიჩუმეა“.

„ამიტომ ნახევრად ღია ციხეებში რაც ხდება, არის განსაკუთრებით საგანგაშო…  ასე ვთქვათ, ეს რიცხვები, რაც მე გამოვაქვეყნე, არის აისბერგის წვერი რეალურად, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით პრობლემის მთავარი საფუძველი, იქ რა და როგორ ხდება“, – ამბობს ბურჯანაძე.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ №15 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის გაანგარიშების დროს თავის დროზე დაშვებულ იქნა უზუსტობა და ახლა პატიმრების რაოდენობის ლიმიტების ზრდით უბრალოდ ამ შეცდომას ასწორებენ.

პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ 2015 წლის ბრძანებაში 2016 წელს შეტანილი ცვლილებით ქსნის ციხის საცხოვრებელი ფართი არასწორად დათვალეს და მაქსიმალურ ლიმიტად 1388 პატიმარი დაადგინეს. ეს შეცდომა გადმოყვა 2026 წლის დოკუმენტებშიც. ახლა უწყებამ დაიქირავა კერძო კომპანია, რომელმაც ციხის ფართობი თავიდან, გაზომა. ახალმა აზომვამ აჩვენა, რომ ციხეში რეალურად იმაზე მეტი სივრცეა, ვიდრე აქამდე ეგონათ. შესაბამისად, ისე რომ არ დაირღვეს კანონი და პატიმრისთვის განკუთვნილი სივრცის სტანდარტი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ციხეში 1388-ის ნაცვლად 1604 პატიმრის განთავსებაა შესაძლებელი.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, შესაბამისი გამოცდილების მქონე კერძო კომპანიასთან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულების საფუძველზე (ვინაიდან სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში) ხელახლა აიზომა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ შესაძლებელია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების სრული დაცვით, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი, 1388-ის ნაცვლად, განისაზღვროს 1604 მსჯავრდებულით“, – ამბობს უწყება.
სტატისტიკის მიხედვით, ივლისში დადგენილ ლიმიტთან მიმართებით პატიმრების მეტობა 4 ციხეში დაფიქსირდა, მათ შორის ქსნის ციხეშიც. სხვა სიტყვებით ამ ოთხ ციხეში იმაზე მეტი პატიმარი ცხოვრობს, ვიდრე თავად მინისტრის ბრძანებითაა ეს დადგენილი.
მაგალითად ქსანში როგორც უკვე აღვნიშნეთ სულ მაქსიმუმ 1604 პატიმარი უნდა ცხოვრობდეს, თუმცა იქ ივლისში 2177 იხდიდა სასჯელს.
  1. #8 დაწესებულება – 32.03%-ით მეტი პატიმარი;
  2.  #2 დაწესებულება – 29.59%-ით მეტი პატიმარი;
  3. #15 დაწესებულება – 35.72%-ით მეტი პატიმარი (მიუხედავად ციხის ლიმიტის გაზრდისა 20177)
  4. #17 დაწესებულება – +1.50% -ით მეტი პატიმარი.

2026 წლის ივლისის თვეში საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა გაიზარდა . ივნისში დაწესებულებებში 12 332 პატიმარი იყო, ივლისში – 12 440.