ახალი ამბები

“საერთაშორისო პრესა დიდ დარტყმებს აყენებს საქართველოს იმიჯს” — ბოლქვაძე

19 ნოემბერი, 2021 • 2374
“საერთაშორისო პრესა დიდ დარტყმებს აყენებს საქართველოს იმიჯს” — ბოლქვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მედია დეზინფორმაციით დიდ ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს და შესაქმნელია ამ პრობლემის მოგვარების ბერკეტი.

ბოლქვაძემ მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ჰკითხა, თუ როგორ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარება.

“თქვენ, ალბათ, კარგად იცით, რომ საზღვარგარეთ საერთაშორისო პრესა ძალიან დიდ დარტყმებს აყენებს საქართველოს იმიჯს და ეს განსაკთრებით ხდება საფრანგეთში, ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, როგორიცაა “ფიგარო”, “ლე მონდი”, “ექსპრესი” და რომელსაც მილიონობით ადამიანი კითხულობს ყოველდღიურად.

ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა რამე ბერკეტი — თუ არ არის, იქნებ შევქმნათ — რამენაირად მოგვარდეს ის საკითხი, რომ დეზინფორმაციას ჩვენ საქართველოდან მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც რეალობასთან ახლოსაა. მე, როგორც ელისო ბოლქვაძე და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ვფიქრობ, რომ შეიძლება ამის მოგვარება მომავალში და კულტურის კომიტეტი მზად ვართ, ჩავერთოთ ამ მუშაობაში, თუ თქვენი დაინტერესება იქნება”, — განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი