ახალი ამბები

ჩამოართვით ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი – პენცენტრი UNESCO-ს

17 მარტი, 2023 •
ჩამოართვით ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი – პენცენტრი UNESCO-ს

საქართველოს პენცენტრი წერილით მიმართავს UNESCO-ს და მოუწოდებს მას, ჩამოართვას მშვიდობის ელჩის სტატუსი დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა და ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ხელმომწერია, არ იმსახურებს ამ სტატუსს.

„დღეს, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა, საქართველოს 20 პროცენტზე მეტი კი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგიური დოკუმენტის მიღება სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების ცალსახა და უპირობო ღალატად მიგვაჩნია.

2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ის ყოველდღიურად წყვეტს საქართველოს მოქალაქეების ბედს, მათ აწმყოს და მომავალს. 7 მარტს მან პირველივე მოსმენაზე მისცა ხმა ამ კანონპროექტს და ასე უღალატა სამშობლოს, თავის ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სხვადასხვა წლებში საკუთარ თავზე გამოუცდია რუსული აგრესია; რომელსაც ჯერ 1992-93 წლებში, შემდეგ კი 2008 წელს საკუთარი სახლის დატოვება და თავისსავე ქვეყანაში დევნილად ქცევა მოუწია. საქართველოს მოქალაქეებმა რუსულ სამხედრო შენაერთებთან ბრძოლაში სხვადასხვა დროს დაკარგეს ოჯახის წევრები – მშობლები, და-ძმები და შვილები, დათმეს ყველაზე მთავარი – საკუთარი სიცოცხლე. შეუფასებელია ის ზიანი, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ მათ წლების განმავლობაში მიაყენა.

ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ხალხმრავალი დემონსტრაციები თბილისში. საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქვეყნის არაერთი მოქალაქე დაზარალდა. საპროტესტო აქციების შედეგად, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაინიშნა კანონპროექტის მეორე მოსმენა, თუმცა ელისო ბოლქვაძეს არც ამ განხილვაზე მიუცია ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ.

მიგვაჩნია, რომ ელისო ბოლქვაძე, როგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი, არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის (Artist for Peace) სტატუსს, რომელსაც ის 2015 ”იუნესკოს“ ეგიდით წლიდან ატარებს.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ როლში მისი მიზანი მსოფლიო მოსახლეობის მშვიდობიან, ცივილიზებულ თანაარსებობაზე ზრუნვა უნდა იყოს, რასაც სრულიად ეწინააღმდეგება მისი პოლიტიკური საქმიანობა, ამის ნათელი დასტური კი ანტისახელმწიფოებრივი, მტრის მიბაძვით დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერაა“ ,- წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი