ახალი ამბები

დაიჭირეთ მხარე ღირებულებათა ბრძოლაში – კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბოლქვაძეს

7 აპრილი, 2022 • 1769
დაიჭირეთ მხარე ღირებულებათა ბრძოლაში – კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბოლქვაძეს

საქართველოს პარლამენტში, „ლელოს“ ორგანიზებით, გაიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, პოეტმა პაატა შამუგიამ განაცხადა, მათი შეკრების მიზეზი კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე საკანონმდებლო ორგანოსთვის ხმის მიწვდენაა. კერძოდ, ისინი სთხოვენ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლვქაძეს, რომ თვალი არ დახუჭოს კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე.

მისი თქმით, დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაცია დახშულია, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, რომელთაგან ყველაზე მავნედ და გამანადგურებლად ცენზურას მიიჩნევს.

„[ცენზურის] მცდელობის არაერთ მაგალითს ყოველდღე ვხედავთ, მათ შორის, „ლიტერასთან“, მწერალთა სახლთან, იქამდე წიგნის ცენტრთან დაკავშირებით…მუდმივად მიდიოდა ეს წნეხი. მე ახლა მწერლობაზე ვსაუბრობ, მაგრამ ნებისმიერ სფეროში, ეს იქნება კინოცენტრი თუ მუზეუმი, ყველგან მიდის ცენზურის მცდელობა, არათუ მცდელობა, არამედ ბევრგან ეს ქმედება განხორციელებულია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შექმნილ ჩიხურ ვითარებაში კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეს სთხოვენ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვენ, რომ ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის წოდება ჩამოერთვას.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტმა აღასრულოს მოვალეობა. განსაკუთრებული ოპტიმიზმითაც არ ვართ აღჭურვილი, როდესაც ამას ვამბობთ. ვხედავთ, როდესაც კულტურის მინისტრი მოდის [პარლამენტში], იცვლება როლები და ნაცვლად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანომ მინისტრისგან ჩაიბაროს ანგარიში, კულტურის მინისტრი იბარებს ანგარიშის სახით დეპუტატების ქება-დიდებას.

ჩვენ მოვითხოვთ, ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ, რომელიც კულტურის სფეროს წარმოადგენს პარლამენტში, აიღოს პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მტრული გარემოს, ცენზურის და უამრავი შემაფერხებელი გარემოების გამო მოვითხოვთ, მას ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის ტიტული იუნესკოში. ადამიანი, ვინც კულტურის სფეროს რეპრესიებზე თვალს ხუჭავს, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად იწოდებოდეს“, – განაცხადა პაატა შამუგიამ.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა რეჟისორი სალომე ჯაშიც, რომლის თქმითაც, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კულტურის სფეროს უზურპაცია მოახდინა.

„ზოგადად, კულტურის სამინისტროს ამოცანაა შექმნას სამუშაო პირობები და თავისუფალი გარემო, დღეს ეს თავისუფალი გარემო არ არსებობს. არსებობს ცენტრალიზებული სტრუქტურა, სადაც არც ჩანს, ვინ არის პასუხისმგებელი სფეროებზე, ინიშნებიან პასუხისმგებელი პირები, რომლებიც არ არიან კომპეტენტური და არ გააჩნიათ საკუთარი სფეროების ცოდნა.

დღეს ჩვენ ვართ პროცესში, რომელიც არის ღირებულებათა ბრძოლა, ბრძოლა თანამედროვეობასა და რეტროგრადულობას შორის, ღიაობასა და ჩაკეტილობას შორის, თავისუფლებასა და კონტროლს შორის. ვთხოვთ ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, დაიჭიროს მხარე ამ ბრძოლაში და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, კულტურის სამინისტრო არ არის ჩვენთვის მხოლოდ დამსაქმებელი. ჩვენ ვღელავთ იმაზე, რომ საზოგადოება კარგავს სიმყარეს კრიტიკული აზროვნებისთვის, თავისუფლებისთვის და ჰუმანიზმისთვის“, – განაცხადა სალომე ჯაშმა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლების განცხადებას „ისტერიკული“ უწოდა ელისო ბოლქვაძემ და აღნიშნა, რომ ელჩობას ვერ ჩამოართმევენ

„არ მესმის ეს ისტერიკული შეძახილები, რომ ე.ი. მე მომხსნიან იუნისკოს ელჩობიან, თუკი მე… ეს არის ჩემზე ზეწოლა, რომ თუ მე ამას არ გავაკეთებ, მე მომხსნიან. ჯერ ერთი, ვინ მისცა მაგათ ამის უფლება? მე ვარ უკვე ელჩი და ვერ ჩამომართმევენ“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ „ფორმულასთან“.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ მუშაობენ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს პრობლემები არ ჰქონდეს. მისი თქმით, პარლამენტის კულტურის კომიტეტმა კულტურის სამინისტროზე ზედამხედველობა არ უნდა განახორციელოს.

„ზედამხედველობა რაზე უნდა განვახორციელოთ ჩვენ? ჩვენ საკადრო პოლიტიკაში არ ვერევით, ჩვენ სხვა მიმართულებები გვაქვს, რასაც ვახორციელებთ ყოველდღიურად“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ „ტვ პირველთან“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი