საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ხელშესახებ შედეგად მიიჩნევს, რომ “საქართველო იქცა სამხედრო ჰაბად, რომელსაც გამოყენებდნენ ნატოელი პარტნიორები” ავღანეთიდან ევაკუაციის დროს.
“ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან ერთად შევედით [ავღანეთის] ოპერაციაში და გამოსვლის დროსაც ერთად ვიყავით და ეს არის ძალიან დაფასებული. თავად ის ფაქტი, რომ საქართველომ ძალიან დიდი როლი შეასრულა გამოყვანის ორივე ფაზაში, როგორც სამხედრო ოპერაციის, ისე სამოქალაქო ფაზაში, ეს ხომ ძალიან დიდი შედეგია?! ის კონტრიბუციაა, რომელიც ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში შეაქვს ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში და თქვენ იხილეთ არაერთი მადლობის წერილი ჩემი კოლეგების მხრიდან, პრემიერების, პრეზიდენტების მხრიდან, არაერთი პოზიტიური სტატია და გამოხამურება…
თუნდაც ის ფაქტი, რომ ქვეყანა იქცა ერთგვარ ჰაბად, სამხედრო ჰაბად, რომელსაც გამოიყენებდნენ ჩვენი ნატოელი პარტნიორები გამოყვანის დროს, ან ის, რომ 15 აგვისტოდან დღემდე, ჯამში, მოხდა 5 000-ზე მეტი პირის ევაკუაცია საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, მე ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია”, — განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.
15 აგვისტოდან საქართველო ჩართული იყო ავღანეთიდან სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისა და ნატოს ძალებთან მომუშავე ავღანელების ევაკუაციის პროცესში. თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომელებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით.
ქაბულიდან ევაკუირებულები თბილისის აეროპორტის გავლით გადაჰყავთ — მთავრობა