ახალი ამბები

ქაბულიდან ევაკუირებულები თბილისის აეროპორტის გავლით გადაჰყავთ — მთავრობა

26 აგვისტო, 2021 • 2519
ქაბულიდან ევაკუირებულები თბილისის აეროპორტის გავლით გადაჰყავთ — მთავრობა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველო აქტიურად არის ჩართული ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში.

როგორც მთავრობა აცხადებს, ვინაიდან საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ავღანეთში ნატოს მისიაში, ქვეყანამ პარტნიორების თხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა, ასევე აქტიური როლი შეასრულოს ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციაში.

ავღანეთიდან სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისა და ნატოს ძალებთან მომუშავე ავღანელების ევაკუაცია 15 აგვისტოს, საგანგებო რეჟიმში დაიწყო, რადგან ყველასთვის მოულოდნელად, ქაბულზე კონტროლი დაამყარა დაჯგუფება თალიბანმა.

“დღეს, როდესაც ავღანეთში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე, საქართველო კვლავ დგას მისი პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში.

თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომელებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით (დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და  ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. ასევე, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაციისას”, — აცხადებს საქართელოს მთავრობა.

მთავრობისვე ინფორმაციით, ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციისა და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების  პროცესში.

მათი საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები.

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, ამ დროისათვის ავღანეთიდან ევაკუირებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი, 10 ათასზე მეტი კი ელოდება ევაკუაციას.

მთავარი ფოტო: ევაკუაცია ქაბულიდან/EPA-EFE/REPUBLIC OF KOREA AIR FORCE

მასალების გადაბეჭდვის წესი