საზოგადოება

კონსილიუმის წევრი ექიმები სააკაშვილთან არ შეუშვეს – ადვოკატი

14 ნოემბერი, 2021 • 1430
კონსილიუმის წევრი ექიმები სააკაშვილთან არ შეუშვეს – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფორმირებულ ექიმთა კონსილიუმს უარი უთხრა #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე ექსპრეზიდენტთან შესახვედრად.

ამის მიზეზად თუთბერიძის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა დაასახელა ის, რომ არასამუშაო საათები იყო. ადვოკატის შეფასებით, ეს არის სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის ხელყოფა. მისი თქმით, წარსულში ექიმების არასამუშაო საათებში ციხის დაწესებულებებში შესვლის პრეცედენტი ყოფლა.

მისი თქმით, თავდაპირველად კონსილიუმის წევრ ექიმებს პენიტენციურის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს არ სურდა მათთან შეხვედრა, თუმცა შემდეგ ექსპრეზიდენტთან შევიდა მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და დადასტურდა, რომ ეს ინფორაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ადვოკატმა პენიტენციურის გადაწყვეტილებას “უკანონო და სამარცხვინო” უწოდა.

გლდანის ციხესთან იმყოფებოდნენ კონსილიუმის წევრებიც. ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პენიტენციურ სამსახურში მათ განუცხადეს, რომ როდესაც სამუშაო საათებში მივლენ, მაშინ შეუშვებენ. ექიმის თქმით, მან ბოლოს სააკაშვილი 3 ნოემბერს ნახა და მაშინ მისი ანალიზები დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა ახლა კომენტარს ვერ გააკეთებს “სანამ პაციენტს არ გასინჯავს”.

ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ ხაზი გასუვა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ პაციენტთან შეხვედრის საშუალება არ მიეცათ. ექიმის თქმით, მან არ იცის, რატომ ვერ შეძლეს სააკაშვილის მონახულება.

კონსილიუმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უწევს მონიტორინგს რამდენიმე სხვადასხვა პროფილის მქონე ექიმისგან შედგება, მათ შორის არიან:

  •  ნიკოლოზ ყიფშიძე (სააკაშვილის პირადი ექიმი)
  • ალექსანდრე ცისკარიძე (ნევროლოგი )
  • გიორგი გოცაძე (კრიტიკული მედიცინის ექიმი);
  • ნინო შარაშენიძე (ჰემატოლოგი);
  • ელენე გიორგაძე (ენდოკრინოლოგი);

მასალების გადაბეჭდვის წესი